საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ჯანდარაში ჩავიდა და 28 დეკემბერს დაყაჩაღებული მამედოვების ოჯახი მოინახულა. მისი თქმით, საზოგადოება წლებით ნაგროვები ქონების სხვისთვის გატანებასა და ოჯახის წევრების დასახიჩრებას გაგებით ვერ მოეკიდება.
"ახლა იყო ამნისტიის გაკეთების დრო?! ამ ყველაფრის ფონზე რომელი ქვეყანა აკეთებს მსოფლიოში ფართომასშტაბიან ამნისტიას?! 1992-ში ჯაბას ამნისტიით გამოშვებული ხალხი ასე შემოგვიცვივდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი ჩაარტყეს, ბებიაჩემს ემუქრებოდნენ დაუთოებით და ასე წაიღეს ფული, ოქროულობა და ყველაფერი. ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომ ამოიღონ ის, რაც დაკარგეს. პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. საუბრობენ - ყველაფერს მოვუვლით - ვერაფერსაც ვერ უვლიან. რატომ ვერ მოუარეს თუ მოვლა შეუძლიათ?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საზოგადოებამ შეძლო ქონების დაგროვება, რადგან თავიანთი შრომით მოპოვებული პროდუქცია გზაზე რეკეტისა და ძარცვის არარსებობის პირობებში , სარეალიზაციოდ გაჰქონდათ. " პოლიციას ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება, ყოველ კუთხეში უნდა იყოს პატრული. ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მამედოვების ოჯახს თავს 5 მძარცველი დაესხა. მათ 16 000 ლარი და ოქროს ნივთები წაიღეს, ხოლო ოჯახის წევრები აწამეს. პოლიციამ ყაჩაღური ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავა.





