მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის გადახედავს პრივატიზაციის ყველა პროექტს; ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა დიდი ჰესის მშენებლობას; ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე განცხადება გააკეთა, ყარსი-ახალქალაქის სტრატეგიული რკინიგზის პროექტზე - ეს არის განცხადებები, რომლის უკან დგას ძალიან კონკრეტული მოქმედებები. განცხადება უკვე საკმარისია ეკონომიკაში, რომ გამოასხივო არასტაბილურობა და გამოასხივო დიდი გაურკვევლობა და ქაოსი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც მთავრობა ყველა დიდი ჰესის პროექტის გადახედვაზე საუბრობს, ეს უკავშირდება 20 ათასი დასაქმებული მოქალაქისა და ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხს.
"ეს არის ის, რომ არასდროს საქართველო აღარ იყოს ჩამოკიდებული რუსეთზე. თუ შენ ამბობ, რომ აღარ იქნება ჰესები, აღარ იქნება თბოელექტროსადგური, შენ ამით ძირს უთხრი ურთიერთობას იმ პარტნიორებთან, რომელიც უშუალოდ დაკავებულები არიან საქართველოსთან ამდენი წელია ურთიერთობით. მაგრამ, ამავე დროს, შენ ეუბნები ბიზნესმენებს, რომ არ აქვთ პერსპექტივა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლებაზეც ისაუბრა.
"მთავრობა ეუბნება ყველა ინვესტორს, ვინც მოდის საქართველოში, რომ შემდეგი სამი წელი არ იქნება ეკონომიკური ზრდა. რა არის ეს? საოცარი მიამიტობა, თუ საქმე გვაქვს საერთოდ სხვა ფენომენთან", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ 3-3.5 თეთრით ტარიფის გაიაფება "ბევრს არაფერს ნიშნავს და ამას ჩვენი ხალხი მალე დაინახავს". თუმცა იქვე განმარტა, რომ ტარიფის შემცირების სანაცვლოდ, მთავრობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს გრძელვადიან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ამას კი ქვეყანა უკვე ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს.
"ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა ბენზინის და გაზის ფასის 50%. მე მინდა, ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეს ეგონა. გადასახადებს ვკრეფდით, ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ეს ყველაფერი ავაშენეთ, რასაც, თუ თვალები გაქვს, დაინახავ და და თან ჯიბეში ვიდებდით ფულს? ეს ერთად როგორ ხდება, მეგობრებო? მათემატიკაც ხომ არსებობს? სად არის ის 50%, რომელსაც თითქოს სააკაშვილი იდებდა ჯიბეში. ხომ მოუხდათ აღიარება, რომ არ არსებობს არავითარი რესურსი, გარდა ვალდებულების მოხსნისა ენერგოკომპანიებისთვის", -განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ეკონომიკური აქტიურობის კლების კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. მისი თქმით, საკმარისია ელიავას ბაზრობაზე გასვლა, იმის სანახავად, თუ როგორ არის შემცირებული ეკონომიკური აქტიურობა.
"თითოეულ პატარა ფირმას, თუ შარშან 4-5 ათასი ჰქონდა ბრუნვა, ახლა არის ათასი ლარი, 900 ლარი, 1200 ლარი... ეს ხომ კონკრეტული ადამიანები არიან. გაჩერებულია პრაქტიკულად უძრავი ქონების ბიზნესი. თუ შენ თვითონ ამბობ, რომ 3 წელი ზრდა არ გექნება, მაშინ ბიზნესმენმა შენი რისკი რატომ უნდა გაიზიაროს", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.





