დღეს, 27 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა, #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ციხის თანამშრომელთა შეცდომაზე ისაუბრა.
"დაუშვეს შეცდომა ადამიანებმა, ვისაც უნდა ედევნებინა თვალი კამერისთვის. წინასწარ იყო გაფრთხილება, რომ პატიმარი მიდრეკილი იყო სუიციდისადმი. მათ არ მიაქციეს ყურადღება. სუიციდისთვის მზადება, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მინისტრი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
26 დეკემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ განაცხადა, რომ "პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება".





