მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტები აღმოაჩინა. ამის შესახებ დღეს, 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა. 
მისი თქმით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი მაღალი თანამდებობის პირები არიან. 
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა,  მიხეილ მაჭავარიანმა შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიები, რომელბსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900 ლარი. რადგან მიკროვატობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხით" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა პაიჭაძემ. 
მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა,  რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით გააყალბა ანგარიშების დოკუმენტები და მიუთითა, თითქოს აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ. 
მისივე თქმით, გამოძიებისას გამოიკვეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც. 
"კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები - 120 000 ლარი, ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას", - აღნიშნა პაიჭაძემ. 
პაიჭაძის თქმით, შესაბამისად,  სათანადო მასალები გადაეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. 

კომენტარები