მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ განაგრძობს თავის გუნდთან ერთად მუშაობას, ამის შესახებ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე განაცადა.
"ეს არის პოლიტიკური რინგი. პოლიტიკურ რინგზე ბევრი ორთაბრძოლა მომიგია, მაგრამ ასევე წამიგია. ამ ბოლო ბრძოლაში წარმოუდგენლად აკრძალული ილეთები გამოიყენეს, მაგრამ შედეგი იყო ჩვენი ნოკდაუნი და არავითარ შემთხვევაში ნოკაუტი. ახლა ცდილობენ არ გვაცადონ ფეხზე წამოდგომა იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს აშინებთ და ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად გავიმართებით ჩვენს ქვეყანასთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ არც მე ვაპირებ პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ ჩემი მოკრივის ხელთათმანების ჩამოკიდებას სადმე კარადაში იმიტომ, რომ მინდა ვიყო თქვენთან ერთად. ერთ-ერთი თქვენთაგანი მინდა ვიყო. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ," განაცხადა სააკაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის წევრები სხვადასხვა რეგიონების საკრებულოებიდან და პარლამეტის წევრები. ყრილობას ესწრებოდა უკრაინის ოპოზიციური პარტიის, "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკოც.




