გუშინ, 20 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თელასის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა ნიკა გვარამიას, ალეკო ხეთაგურის, კახა დამენიას, დევი კანდელაკის, იზაბელა გუტიძის და გიორგი ნემსიწვერიძის დაკავების საფუძველი.
საგამოძიებო სამსახურის მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ თელასის საქმეზე გამოძიება 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და ამის მიზეზი გიორგი ნემსიწვერიძის მიერ შპს ელენდეფ სერვისის შექმნა გახდა, რომელსაც გამოძიება ცრუმეწარმეობას ედავება. ეჭვი იმან გააჩინა, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ ამის მიუხედავად, "საბანკო ანგარიშებზე დაუფიქსირდა ავანსის სახით მიღებული დიდი ოდენობით თანხა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ დოკუმენტებს შორისაა შპს ელენდეფ სერვისისთვის თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერები. გარდა ამისა, გამოქვეყნებულია 9 მოწმის ჩვენება, მათ შორის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის მარიკა ვალიშვილის.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩვენებებში მოწმეთა პირადი მონაცემები დაუფარავად იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მოწმეთა პირადი ნომრები, რეგისტაციისა და ფაქტობრივი მისამართები, მობილურისა და ბინის სატელეფონო ნომრები. მოგვიანებით, უწყებამ აღნიშნული მონაცემები დაფარა.
იმის დასამტკიცებლად, რომ ნიკა გვარამიას დაკავება რუსთავი 2-ში მის საქმიანობას არ უკავშირდება, საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს (რომელიც 8 ნოემბერით თარიღდება) და ნიკა გვარამიას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმს (რომელიც 14 ნოემბრით თარიღდება).
ასევე, გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს შორისაა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც შპს ელენდეფ სერვისის ფიქტიური შექმნა დასტურდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგში" დავით პაიჭაძესთან, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი არაა, თელასის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს საგამოძიებო უწყებების ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება.





