პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მზად ვარ ხვალვე გავყვე პრეზიდენტს და ჩავატაროთ ახალი არჩევნები

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ რეზონანსთან საუბარში აცხადებს, რომ მზად არის, პრეზიდენტს ''ხვალვე გაჰყვეს ახალ არჩევნებში''. 
''თუკი ხვალ პრეზიდენტი გამოვა და იტყვის, რომ მას დღეს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და ეს მიეცემა აპრილში, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ხვალვე გავყვებით, პარლამენტში უმრავლესობა არ შევა და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. როდესაც უნდა, მაშინ თქვას და ამით ნუ გვაშინებენ. ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგან ხალხს ვესაუბრებით და ვიცით ხალხის განწყობა. ნუ ჰგონიათ, რომ მხარდაჭერას ვკარგავთ. პირიქით, უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს და უფრო მეტ ხმას მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს და ყველაფერს მოვაგვარებთ'', - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასმა სამართლებლივად შესაძლებელი, თუმცა პოლიტიკურად გამორიცხულია.
ივანიშვილმა კომენტარი, ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ''ეს არ უნდა მომხდარიყო''.
''რაც მოხდა, ვაფიქსირებ, რომ არ უნდა მომხდარიყო. ძალადობა იყო გამოყენებული ხალხის მხრიდან და ეს არ არის კარგი. გარწმუნებთ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება. გუშინდელ განცხადებაშიც გავაკეთე მინიშნება, რომ ეს ძველი სისტემის ამონაფრქვევს ჰგავს. მადლობა ღმერთს, რომ ისეთი საშინელება არ მომხდარა და მომავალშიც არ მოხდება, მაგრამ ასეთი რამის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ცოტა დრო დაგვჭირდება'', - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები