„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, „უკანონო“ ბრძანებებს არ დაემორჩილონ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილონ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ქუთაისის ინციდენტი პირდაპირ შს სამინისტროს მხრიდან იყო პროვოცირებული.
თავდაცვის უწყება კი აცხადებს, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას“.




