საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ ვეტოს დაადებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა 20 დეკემბერს საღამოს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სასამართლო ადრეც არ იყო დამოუკიდებელი. მე ვაღიარებ, რომ არც წინა მთავრობის პერიოდში იყო იდეალური ინსტიტუტები. მაგრამ, ძალიან კარგად ვიცი, რა განსხვავება იყო სასამართლოს, რომლის რეფორმირება ვცადეთ შევარდნაძის დროს და იმ სასამართლოს შორის, რომელიც იყო ბოლო წლებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „აღარ იყო კორუფცია. მართალია, დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემა სასამართლოს ჰქონდა. მაგრამ ინსტიტუციურად ჩვენ შევქმენით გარანტიები, რომ ეს ხალხი (მოსამართლეები) ყოფილიყო დამოუკიდებელი“. კერძოდ, მოსამართლეები თავად ირჩევდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, პრეზიდენტი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა და, პრეზიდენტის თქმით, მოსამართლეებს დამოუკიდებლობის გარანტიები გააჩნდათ.

რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს, სააკაშვილის თქმით, ეს პროექტი სასამართლოს „დამოუკიდებლობის ყველა ფორმალურ ატრიბუტს ართმევს“. „მათ შეტანილი აქვთ კანონპროექტი, რომლის თანახმად იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება ფორმალურადაც მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, - აღნიშნა პრეზიდენტმა, - საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისათვის, პრემიერმინისტრისათვის, ასევე იუსტიციის სამინისტროსათვის, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ამ კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა. „მაგრამ, თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, გამოვიყენებ ვეტოს უფლებას, რადგან ამ კანონის მიღება იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ დასამარება საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები