საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ოროსნების ბრიგადასთან გვაქვს საქმე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრისას, პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვიდა და თქვა, თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და ვიძახი რაღაცებს, რომ აგარაკების მშენებლობა შემიჩერეს. რბილად რომ ვთქვა, ამ უცნაურ განცხადებას ის აკეთებს ჩემ და თქვენ მიერ გაზიზინებული და აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. დააბრუნეს ის სუბიექტები, რომლებიც ჩაოხრებულ შენობებში იყვნენ, ჩვენ მიერ აშენებულ შენობებში გადაინაცვლეს და ამ ჩვენ მიერ აშენებული შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს ჩვენს კორუფციასა და აგარაკებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში "მნგრეველთა და ოროსანთა ბრიგადა" მოვიდა.

"თერთმეტჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. ეს როგორ მოხდა? მესმის, რომ მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მარტო მნგრეველების ბრიგადასთან კი არა. თან თერთმეტჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, თან ამდენი რაღაც ავაშენეთ და თან აგარაკები და პირადი ცხოვრებაც მოვიწყვეთ?" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აქცენტი ახალი მთავრობის შემადგენლობაში მყოფ "შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსნებზეც" გააკეთა.

"აი, ნაცვლიშვილი ავიღოთ - მახსოვს, პარლამენტში რომ შევედით ვარდების რევოლუციის დროს, შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული მარჯვენა ხელი და ჩინოვნიკი იყო. პარლამენტის ეზოში იდგა და ზლუქუნებდა, ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ ცხოვრება დაენგრა, მისი კორუფციული სამყარო დაინგრა. ეს ხალხი დაბრუნდა უკან და ამ ხალხს კონკრეტული პროგრამა აქვს - პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი აგარაკების მშენებლობის შეჩერებამ გააღიზიანა.

კომენტარები