საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "შანსი არ აქვთ".
"იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი, ამიტომაც არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მინდა ვთქვა, რომ ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ გააჩეროს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლის ფაქტებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არავის აქვს უფლება, აღნიშნულ ინსტიტუტებს შეეხოს.
"[სახელმწიფოებრიობის] უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობასა და ბრბოს კარნახს ეფუძნება. კანონის უზენაესობა ესაა ხალხის სამსახური, ბრბო კი ემსახურება ცალკე აღებულ დროებით პიროვნებებს, დროებითი თანამდებობის პირების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირი 100, 200 და 500 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. 2013-ში ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო და 2014-ში ადგილობრივი არჩევნები. მანამდე არავის აქვს უფლება, შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს", - განაცხადა სააკაშვილმა.




