იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია

იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს დრო სჭირდება პოზიციის მოსამზადებლად.

"ბრალდება ცდილობს, რომ მთავარი აქცენტი დარჩეს მტკიცებულებებზე და არა რაღაცა ტიპის განცხადებებზე. სანამ ბრალდებას სჭირდება საკუთარი პოზიციისთვის მოსამზადებელი დრო, ეს დრო იქნება ბოლომდე გამოყენებული. რაც შეეხება ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, არაერთი პატიმარი შეხვედრია ახალ წელს ციხეში. ამიტომაც თუ თვითონაც შეხვდება ახალ წელს ციხეში, ამით არაფერი დაშავდება", - აღნიშნა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრს კითხვა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას ყველა პირობა შეექმნება იმისთვის, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. 

"ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება ჩემს თვალში პოლიტიკურ დევნილად წინა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან  წინა ხელისუფლებამ ძალით ჩასვა თვითმფრინავში და გააგდო პრაქტიკულად ქვეყნიდან. ეს შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ დევნად. მისმა ყოფნამ შეაწუხა წინა ხელისუფლება და მოიშორეს თავიდან. რაც შეეხება ამჟამინდელ პატიმრობას, იმის დასადგენად, არის თუ არა დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი, საჭიროა, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის დაუსწრებლად წარიმართა, მიყვანილი იყოს ბოლომდე და გაირკვეს სიმართლე. მე როგორც ვიცი, ამისთვის დაბრუნდა სამშობლოში, რომ დაამტკიცოს სიმართლე. ამისთვის ყველა პირობა შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობას, მე არცერთ პატიმარს შიმშილობას არ ვურჩევ იმიტომ, რომ თავად პატიმრობა არის რთული მომენტი ყველასთვის და შიმშილობით თავის დამძიმება არ ღირს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

 

კომენტარები