მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ გარდაბნის გამგებლის მოადგილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელის თანახმად, გუშინ, 12 დეკემბერს, გარდაბნის გამგებლის მოადგილის მანუჩარ ჯოხაძის თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტსა და ვალებს უკავშირდება.
"მეუღლის მაია ჯოხაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და მის მეუღლეს ჰყავთ სამი შვილი. ცოლ-ქმარს შორის მიმდინარე წლის დასაწყისიდან არსებობდა რთული ოჯახური კონფლიქტი. ამა წლის აგვისტოს თვიდან ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მათი განქორწინებით დასრულდა. ნოემბრის თვის დასაწყისში მანუჩარ ჯოხაძე დაბრუნდა ოჯახში, მაგრამ ამით კონფლიქტი არ დასრულებულა და იგი გრძელდებოდა სისტემატურად. მაია ჯოხაძე აღნიშნავს, რომ გარდა ოჯახური პრობლემებისა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან მანუჩარ ჯოხაძე გაღიზიანებული იყო სხვა პრობლემებითაც, რის თაობაზეც ღიად არ  საუბრობდა. მისთვის უცნობია ამ პრობლემების შინაარსი, მაგრამ ხშირად უთქვამს მეუღლისთვის: "დავიღალე პრობლემებით, ჩემს ჭკუაზე აღარ ვარ და თავი უნდა მოვიკლაო". მიუხედავად ამისა, ამ გამონათქვამს, იგი რეალურად არ აღიქვამდა. მათთან თითქმის ყოველ დღე მიდიოდა უცნობი აზერბაიჯანელი პირი, რომელიც სავარაუდოდ ვალის დაბრუნებას ითხოვდა. კონკრეტულად რა ვალდებულება გააჩნდა მანუჩარ ჯოხაძეს ამ პირის მიმართ, მეუღლისათვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ბოლო კონფლიქტი მეუღლეებს შორის  მ. ჯოხაძის გარდაცვალების დღეს მოხდა, რის შემდგომაც მაია ჯოხაძე გავიდა სახლიდან პირად საქმეზე და შინ დაბრუნებულს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა", – აღნიშნულია განცხადებაში. 
ამასთან, მთავარი პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ჯოხაძის თვითმკვლელობა  ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მის დაკითხვას უკავშირდება. 

კომენტარები