ბრალდება

დიმიტრი ქიტოშვილი ზურაბ ადეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს

დიმიტრი ქიტოშვილი, საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯეოსელის საქმეზე მან საკუთარი თავის და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, მისი ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მისცა.
"ამ ზეწოლას ახორციელებდნენ გენერალური პროკურატურის, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ძალიან მაღალი თანამდებობის, ფაქტიურად უმაღლესი პირები. ეს ხდებოდა იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებითა და მითითებით, ხოლო ახორციელებდნენ დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები", - განაცხადა ქიტოშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.
ქიტოშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს არიდებს. თუმცა, პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა და აპირებს სასამართლოსაც მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ქიტოშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივანი იყო. იგი 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. გამოძიება მას ჯეოსელის აქციონერ ჯემალ სვანიძის იძულებაში ადანაშაულებდა. სვანიძემ მინიმალურ ფასად, 250 ათას დოლარად, დათმო კომპანია არტის წარმომადგენლის გურამ გოგუასთვის ჯეოსელის 2,6%-იანი წილი. წილის რეალური ღირებულება იმ მომენტისთვის 10 მლნ აშშ დოლარად შეფასდა. ქიტოშვილი 5 წლის წინ მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ სვანიძის წილის გადაფორმება ირაკლი ოქრუაშვილის მუქარის საფუძველზე მოხდა. ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან მას შემდეგ  გაათავისუფლეს, რაც მან ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
საგულისხმოა, რომ ჯეოსელის წილების საქმე ერთ-ერთი ბრალდებაა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. ამ საქმეზე პროცესი დღეს, 11 დეკემბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები