ბალეტი

ტიულის ფარფატა კაბები

ერთობ მოსული ქალი იყო მარია ტალიონი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაბადებული ბალერინა სულაც არ ჰგავდა დღევანდელ კლასიკური ბალეტის სიფრიფანა, მაღალფეხება მოცეკვავეებს: არც გრძელი და თხელი კიდურებით გამოირჩეოდა, არც სწორი მხრებითა და იდალური პროპორციებით. ამიტომ, როდესაც მამამისს, ფილიპო ტალიონის, პარიზის ოპერისთვის ბალეტ „სილფიდას” შექმნა დაუკვეთეს, ქორეოგრაფს დიდი საფიქრალი გაუჩნდა, თუ როგორ დაემსგავსებინა მარია ტალიონი არაამქვეყნიურად ჰაეროვანი აჩრდილისთვის და გამოსავალსაც მალე მიაგნო: სპექტაკლისთვის ქალიშვილი, კლასიკური ბალეტის ისტორიაში პირველად, ცერებზე – პუანტებზე შეაყენა და თხელი ბადისებრი ქსოვილისგან დამზადებული დაშვებული კაბა ჩააცვა.

ასე შეიქმნა კლასიკური ბალეტის ისტორიაში პირველი ტიულის კაბა, რომელსაც ფრანგებმა Tutù, რუსებმა კი მოგვიანებით პაჩკა შეარქვეს. კოსტიუმმა არაერთგზის განიცადა ცვლილება, ის დროთა განმავლობაში დამოკლდა, პრიმაბალერინების გემოვნების მიხედვით, მოცულობაში ხან გაიზარდა, ხანაც შემცირდა.

ტიულის გრძელ სამოსს, რომელიც მარია ტალიონიმ პარიზულ პრემიერაზე ჩაიცვა, დღეს უკვე რომანტიკული ხანის კაბას, „შოპენიანკას” ეძახიან. Tutù-ს რუსულ ვარიანტად – „პაჩკად” კი, ძირითადად, ყველაზე ცნობილ საბალეტო კოსტიუმს, ფიფქისებრ, შემდგარ კაბას მოიხსენებენ.

პაჩკა არის კოსტიუმი, რომელიც დღეს, „გედების ტბასთან” ერთად, ყველაზე მეტად ასოცირდება კლასიკურ ბალეტთან და მას არავინ იცვამს და არც არავის უხდება, გარდა ბალერინებისა. ეს კაბა ხაზს უსვამს აღნაგობის ყველა დეფექტს, ამიტომ, მის შექმნასთან ერთად, ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მიღების კრიტერიუმებიც გამკაცრდა: რომანტიკული ხანის ბალერინებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად, მხატვრების ტილოებიდან ვიცნობთ, დღევანდელ კლასიკური ბალეტის მოცეკვავეს უნდა ჰქონდეს მაღალი ტერფი, გრძელი ფეხები, წვრილი წელი, სწორი მხრები, პატარა თავი და, მოკლედ რომ ვთქვათ, იდეალური პროპორციები საიმისოდ, რომ სცენაზე ლამაზი გამოჩნდეს და მოიხდინოს კლასიკური ბალეტის მთავარი კოსტიუმი – ტიულის ბრტყელი და ფარფატა პაჩკა.

ტიულის ქვედაბოლო, ძირითადად, სხვადასხვა ზომის ცხრა ფენისგან შედგება, რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად, საშუალოდ, ექვსიდან ოც მეტრამდე ქსოვილი იხარჯება.

საბალეტო კოსტიუმების თბილისური სახელოსნო, რომელიც ოპერის უკან იდგა, დღეს უკვე აღარ არსებობს. ის თეატრის რესტავრაციის დაწყების შემდეგ, სიძველის გამო დაანგრიეს. ამჟამად მკერავებს ქუთათელაძის ქუჩაზე, ნაქირავები ვიწრო და ბნელი ბინის პირველ სართულზე უწევთ მუშაობა. ამ დროებითი სახელოსნოს კედლებში ახალსა და მოდერნიზებულს თითქმის ვერაფერს ნახავთ. კედლებზე და ჭერზე საგანგებოდ დამზადებული, ან სპექტაკლებიდან ჩამოწერილი კოსტიუმებია, რომლებიც საკარნავალოდ ქირავდება. ინსტრუქტორები Подольск-ის საბჭოურ საკერავ მანქანებს უსხედან. სახელოსნოს დანადგარებს დიდი ტრადიციების მქონე თეატრისთვის შესაფერისი, მრავლისმთქმელი წარსული აქვთ: „ეს საკერავი მანქანები, ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში, ოპერის

მარია ტალიონი
თეატრს რომ ხანძარი გაუჩნდა, მაშინ გადაარჩინა კატუშამ: ჯერ კოსტიუმები გადმოყარა მერვე სართულიდან და მერე თოკებით ჩამოაშვებინა საკერავი მანქანები”.

კატუშა ძნელაძე თბილისის ოპერის თეატრის სახელოსნოს ლეგენდარული მკერავი გახლდათ, რომლის სახელთანაც ალბათ ყველაზე მეტად ასოცირდება თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო კოსტიუმების ისტორია. სამკერვალოს თანამშრომლები ღიმილით იგონებენ თავიანთ აწ გარდაცვლილ უფროს კოლეგასა და მასწავლებელს: „თბილისში 16 წლისა ჩამოვიდა. მუშაობა პალტოების კერვით დაიწყო, და მერე მოვიდა ოპერაში. პირველი საბალეტო კოსტიუმი ვერა წიგნაძეს შეუკერა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა. მას შემდეგ დარჩა და დარჩა თეატრში. თავდადებით ემსახურებოდა აქაურობას, რამდენიმე წლის განმავლობაში სახელოსნოშივე ეძინა და ოთხმოცი წლის იყო, ამ საქმიანობას რომ მოწყდა. ის შემოქმედებითად უდგებოდა თავის საქმიანობას, სწავლობდა ბევრს და ჩვენგანაც ასევე ბევრს ითხოვდა”.

საბალეტო კოსტიუმის დამზადება, მართლაცდა, საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და არაფერი გამოგივა, თუ საქმეს პედანტურად და შემოქმედებითად არ მიუდექი.

როგორი უნდა იყოს საბალეტო კოსტიუმის ქსოვილი, რომ მასში ბალერინამ თავი მოხერხებულად იგრძნოს და როგორია მისი კერვის პროცესი, ამის შესახებ მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდა და უზომოდ ნიჭიერი ქართველი მოცეკვავე, ანა ტურაზაშვილი გვესაუბრა:

ანა ტურაზაშვილი: „კოსტიუმის შეკერვა კორსეტის დამზადებით იწყება, რომელიც ყველაზე რთული შესაკერია: ტანზე თან მჭიდროდ უნდა გეკვროდეს და თან სუნთქვისა და მოძრაობის საშუალებას უნდა გაძლევდეს. იმისათვის, რომ სცენაზე კოსტიუმში თავი მოხერხებულად იგრძნო, მისი დამზადებისას, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ის არ უნდა იყოს არც ძალიან გრძელი, არც მოკლე: აუცილებელია, მკერავთან შეათანხმო, კორსეტის როგორი ჭრილი გირჩევნია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაჭრის ხარისხს. უხარისხო და არანატურალური ქსოვილით შეკერილი კოსტიუმი ერთ ცეკვაში ფუჭდება და, რაც ყველაზე უარესია, ჰაერს არ ატარებს. ასეთ სასცენო ტანისამოსში ცეკვისას ბალერინებს საშინლად გვცხელა”.

ანა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში თბილისში, ნინო ანანიაშვილის დასში ცეკვავდა და ამ ორი თეატრის სახელოსნოებში შეკერილ კოსტიუმებს შორის, მისი თქმით, თვალშისაცემი განსხვავება თითქმის არ შეიმჩნევა.

ანა ტურაზაშვილი: „განსხვავება თბილისისა და მოსკოვის სახელოსნოებს შორის, ძირითადად, სამკერვალოს მასშტაბებსა და მომსახურე პერსონალის რაოდენობაშია. ისე კი, თარგები თითქმის იდენტურია. გარდა ამისა, თბილისისგან განსხვავებით, მოსკოვში, მოცეკვავეებს დასში მიღებისთანავე იბარებენ სახელოსნოში და ზომებს უღებენ. ამიტომ, როდესაც ძალიან დაკავებულები ვართ, ყოველ ახალ სპექტაკლზე ხელახლა აღარ გვიწევს სამკერვალოში სირბილი და ხშირად სახელოსნოში მიუსვლელად, ამ ჩანაწერების მიხედვით გვიმზადებენ კოსტიუმებს. ხანდახან ასე შეკერილი უკეთაც კი გვერგება. ერთადერთი ბალერინა, რომელსაც სახელოსნოში მისვლა არასდროს უწევს, სვეტლანა ზახაროვაა. კონსტრუქტორებს მისი მანეკენი აქვთ, ამიტომ მის სასცენო სამოსს გადაკეთება არასდროს სჭირდება”.

საბალეტო პაჩკების რეცხვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ხარისხიანადაა დამზადებული, მიზანშეწონილი არაა და ისინი ქიმიურად იწმინდება. მიუხედავად ამისა, ტიულის კაბები დიდხანს ვერ ძლებს, ასე განსაჯეთ, ორსეს მუზეუმში დაცულ დეგას ცნობილ ქანდაკებას, მეოთხე საბალეტო პოზიციაში ჩამომდგარ 14 წლის ბალერინასაც კი, რომელიც მინის საფარის მიღმა იწონებს თავს, პარიზშიც და იმ დანარჩენ მუზეუმებშიც, სადაც მისი ასლებია დაცული, დროდადრო უცვლიან ქვედაბოლოებს.

ტიულის ქვედაბოლოების ფორმა, წარმომავლობის მიხედვით, განსხვავდება: ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან დაშვებული. ბევრ თანამედროვე დადგმაში დღეს უკვე ერთფენიან პაჩკებსაც შეხვდებით. მათი სტანდარტული სიგრძე მოსკოვში 38 სანტიმეტრია. პეტერბურგში რადიუსით უფრო დიდ პაჩკებს კერავენ, შესაბამისად, ეს კოსტიუმები, მოსკოვურთან შედარებით, უფრო გრძელი, მძიმე და ოდნავ დაშვებულია. პარიზის სახელოსნოებში, პირიქით, შედარებით მოკლე და მსუბუქი კოსტიუმები მზადდება.

კოსტიუმის შეკერვის შემდეგ იწყება დიზაინერების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით მისი გაფორმება. პაჩკა დიდგვაროვნების კოსტიუმია. ის პრინცესებს, პატარძლებს, კეთილშობილი წარმომავლობის პერსონაჟებს აცვიათ. შესაბამისად ხდება მათი მორთვაც: სამეფო მეჯლისებისთვის, მაგალითად, მძინარე მზეთუნახავის, რაიმონდას ან კორსარის წვეულებებისთვის განკუთვნილ კოსტიუმებს ძირითადად თვლებით აფორმებენ. მითიური არსებებისა თუ ფერიების კოსტიუმები, რატომღაც, უფრო მოკრძალებულია: დონ კიხოტის სიზმრისეული ფერიების ტანისამოსი ყვავილებითაა შემკობილი, ბაიადერას ჩრდილების კოსტიუმები აბსოლუტურად სადაა, გედებისა კი – ბუმბულებითაა მორთული. არადიდგვაროვნების კოსტიუმები კი ხშირად შოპენიანკებია და არა პაჩკები, მორთულობაც ნაკლები აქვთ, სამაგიეროდ, უფრო ფერადები და ჭრელებია.

ანა ტურაზაშვილი: „ის, თუ რამდენად კარგადაა მორთული კოსტიუმი, ნიშნავს, რამდენად უზრუნველყოფილია ფინანსებით თეატრი. შარშან, ბოლშოიში ბალანჩინის Jewels-ის პრემიერისთვის, გამოჩნდნენ სპონსორები და ახალი კოსტიუმები შეგვიკერეს, რომლებიც Swarovski-ს თვლებით იყო მორთული – ეს იშვიათად ხდება. თუმცა, თვლები მთლად კარგად არ იყო მიმაგრებული და სპექტაკლის მსვლელობისას ცვიოდა, რაც არცთუ სასიამოვნოა ცეკვისას. წარმოდგენის დასასრულს ბრჭყვინავდა ხოლმე იატაკი”.

სამკერვალოში ყველა პაჩკა ტექნიკურად ერთნაირად იკერება. განსხვავებულია მათი დიზაინი. კორდებალეტის მოცეკვავეების კოსტიუმებთან შედარებით, წამყვანი მოცეკვავეების სასცენო სამოსი გამორჩეული უნდა იყოს, შესაბამისად, მას მეტი თვალი და ნაქარგი ამშვენებს.

ანა ტურაზაშვილი: „წამყვან სოლისტებს იმის უფლებაც აქვთ, ესკიზებში საკუთარი კორექტივები შეიტანონ. პრიმაბალერინები, რა თქმა უნდა, უფრო პრეტენზიულები არიან და თუ მიაჩნიათ, რომ რამე არ უხდებათ, ცვლიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა პრიმამ ისტერიკა მოაწყო, როდესაც გაიგო, რომ მკლავებზე უნდა მოეცვა: ისედაც განიერი მხრები მაქვს, მოსაცმელი უფრო დიდს გამომიჩენსო და საბოლოოდ თავისი გაიტანა კიდეც. საკუთარი კორექტივები შეაქვთ გაფორმებაშიც, რაც, სხვათა შორის, ანანიაშვილს გამოსდიოდა მუდამ გადასარევად – ყოველთვის ყველაზე ლამაზი კოსტიუმი მას ეცვა. მაგალითად, დონ კიხოტის სიზმრის სცენაში ესკიზით მომწვანო კოსტიუმია და ყველას ამ ფერის სტანდარტული პაჩკა აქვს. ნინოს კოსტიუმი კი ცისფერია, ოქროსფერი წვრილი ნაქარგებით და ერთიანობაში, ისიც მომწვანო ჩანს, მხოლოდ სულ სხვანაირი ელფერი დაჰკრავს და უფრო მდიდრულად და სადღესასწაულოდ გამოიყურება”.

ტიულის საბალეტო კაბების ისტორია, როგორც მოგახსენეთ, საუკუნეებს ითვლის, პაჩკების მიმართ არასდროს გამქრალა და ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროს მეტრების ინტერესი. პარიზის ოპერის სცენაზე ბალანჩინის Jewels-ს დღეს კრისტიან ლაკრუას დიზაინით შექმნილი კოსტიუმებით ცეკვავენ. ფორსაიტის დადგმებს ვერსაჩე აფორმებს. სხვადასხვა პროექტებში

კოსტიუმების მხატვრებად მუშაობდნენ მოსკონო, ჯაილს დიკონი. თუმცა ბოლო დროის ყველაზე ცნობილი პაჩკა, შანელის სახლის კრეატიული ხელმძღვანელის, კარლ ლაგერფილდის მიერ 2009 წელს შექმნილი მომაკვდავი გედის კოსტიუმია, რომელიც დიზაინერმა საგანგებოდ English National Ballet-ის სოლისტისთვის, ქართველიელენე გლურჯიძისთვის 2 500 ბუმბულისგან დაამზადებინა. არსებობს ცნობილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ლაგერფილდის კოსტიუმში გამოწყობილმა ელენე გლურჯიძემ, დიზაინერის წინაშე ექსპრომტად შეასრულა ფოკინის მომაკვდავი გედი პარიზის ყველაზე ლეგენდარულ მოდის სახლში, რომლისთვისაც საბალეტო კოსტიუმების შექმნა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ათეულობით წლის წინ ხომ სწორედ აქ, ახალგაზრდა ბალანჩინის დადგმებისთვის ორიგინალური კოსტიუმების ესკიზებს თავად კოკო შანელი ქმნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბალეტი სცენაზე ყველაზე მარტივად აღსაქმელი სანახაობაა, ის დღემდე ბევრს მხოლოდ გარკვეული ფენებისთვის განკუთვნილ, ელიტურ ხელოვნებად მიაჩნია. ეს სტერეოტიპული აზრი უკვე ნელ-ნელა ირღვევა რამდენიმე საბალეტო მეგავარსკვლავის დამსახურებით, რომლებიც თავიანთი აქტიური ცხოვრების სტილით, სპექტაკლებზე მისვლის ინტერესს არათეატრალებსაც აღუძრავენ. ყურადღების ზრდასთან ერთად, ამ ხელოვნების მიმართ მატულობს მაღალი მოდის სამყაროს წარმომადგენლების ინტერესიც – მათ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ხედავენ პარიზის ოპერა გარნიესა თუ ლონდონის კოვენტ გარდენის პარტერსა და ლოჟებში. აქედან გამომდინარე, მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებული საბალეტო კოსტიუმების ევოლუციის ისტორია დღესაც გრძელდება, რაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ სიახლეებს ამ უჩვეულო და პრეტენზიული ტიულის კაბების შემქმნელებისგან სამომავლოდაც უნდა ველოდოთ.

 

კომენტარები