ბალეტი

მისტერ ბი 110 წლისაა

იმ ქარიშხლიან ღამეს, როცა ტალღები უჩვეულო სიმძლავრით ეხეთქებოდნენ ხმელეთის ნაპირებს, ეგეოსის ზღვის ერთ მივარდნილ, კლდოვან კუნძულზე, ღმერთების თვალისთვისაც კი მიუწვდომელ ადგილას, ქალღმერთმა ლეტომ შვა ტყუპი და-ძმა, მთვარე და მზე – არტემიდე და აპოლონი.

ეს სიუჟეტი, სინათლის ღმერთის, ხელოვნების, მოგზაურთა და მისანთა მფარველის – აპოლონის დაბადების, სამყაროს შეცნობისა და ოლიმპოს მთაზე შედგომის ამბავი დაედო საფუძვლად 24 წლის გიორგი ბალანჩივაძის მიერ იგორ სტრავინსკის მუსიკაზე დადგმულ ბალეტს – „აპოლონ მუსაგეტს", რომლის პრემიერაც 1928 წლის 18 ივნისს, პარიზში შედგა.

უზენაესი ღვთაების, ზევსის პირმშოს, აპოლონის დაბადებამ ძველ ბერძენთა რწმენით, სამყაროსადმი კაცობრიობის დამოკიდებულება შეცვალა: ადამიანებმა მშვენიერების აღქმა დაიწყეს. სტრავინსკისა და ჯორჯ ბალანჩინის ამ ერთობლივმა შედევრმა კი მთლიანად გარდაქმნა მეოცე საუკუნის ესთეტიკა. სარა ბერნარის თეატრში შეკრებილი პარიზელი საზოგადოება 1928 წლის ზაფხულის იმ საღამოს უჩვეულო სანახაობის მომსწრე შეიქნა: ეს იყო წარმოდგენა მშვენიერების ღმერთის ტრანსფორმაციის შესახებ: თუ როგორ გარდაისახა ახალშობილის უსუსური, არამყარი ნაბიჯები კლასიკური ბალეტისთვის აქამდე სრულიად უცხო, წარმოუდგენლად ათლეტურ მოძრაობებად, რომელსაც ის საოცრად მძიმე, ცეკვისთვის სრულიად შეუფერებელი მუსიკალური ბგერების თანხლებით ასრულებდა.

მეოცე საუკუნის ავანგარდული მოძრაობის ამ სიახლეს მოგვიანებით ნეოკლასიკა ეწოდა და მის უმთავრეს წარმომადგენლებად სწორედ ეს ორი შემოქმედი სახელდება: სტრავინსკი და ქართული წარმოშობის, პეტერბურგში დაბადებული ქორეოგრაფი კაცობრიობის – გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი.

მისტერ ბი, როგორც მას შეერთებულ შტატებში ეძახიან, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი, 460 დადგმის ავტორი და, უბრალოდ, კლასიკური ბალეტის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფია.

ბალანჩინი მეოცე საუკუნის დიდი ნოვატორია, მისი ქორეოგრაფიის შესრულება ხშირად მხოლოდ ვირტუოზების საქმეა. მისტერ ბის სახელს ასევე მიეწერება ცეკვის ხარისხის სტანდარტების ამაღლება, მან კლასიკურ ბალეტს შემატა მოძრაობებისა და გეომეტრიული ხაზების ახლებური სიწმინდე, დინამიკა, უპრეცედენტო სისხარტე, ის, რასაც დღეს ბალანჩინის ცეკვის მეთოდს – ნეოკლასიკურ სტილს ეძახიან.

მისტერ ბის შემოქმედებაში უსიუჟეტო ბალეტები ჭარბობს, რადგან მასთან ფორმა ქმნის შინაარსს და არა პირიქით: „ბალეტი არა მხოლოდ ცეკვისგან შედგება, ეს ცეკვისა და მუსიკის კომბინაციაა". კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟს თავიც მუსიკოსად მიაჩნდა, მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა როგორც ქორეოგრაფმა, არასდროს დაუშვია, რომ მისი შემოქმედება მხოლოდ ბალეტმაისტერობით შემოიფარგლებოდა: „ცეკვა ნიშნავს მუსიკის დანახვას, დაინახე მუსიკა, მოისმინე ცეკვა".

ბალანჩინის „აპოლონ მუსაგეტი” - ლაშა ხოზაშვილი
ფოტო: ლადო ვაჩნაძე
მისი ბიოგრაფია კი თავგადასავლებით აღსავსე, მომხიბლავი კაცის ისტორიაა. მუზები, აპოლონის მსგავსად, მასაც მრავლად ჰყავდა – მისტერ ბის ოფიციალურ და არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მზეთუნახავი ბალერინები, რომლებსაც ის თავის ქორეოგრაფიულ შედევრებს უძღვნიდა. ოცი წლის ასაკში საბალეტო დასი შექმნა და ერთ დღესაც ევროპული გასტროლებიდან, მშობლიურ, უკვე გასაბჭოებულ პეტერბურგში დაბრუნება აღარ მოისურვა. ბევრი მოგზაურობის შემდეგ, საბოლოოდ ამერიკაში დამკვიდრდა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დასი „ნიუ იორკ სითი ბალე" დააარსა და შტატებს და დანარჩენ მსოფლიოს დაუტოვა მემკვიდრეობა, რომელსაც დღეს განსაკუთრებით სიფაქიზით ეკიდებიან და უფრთხილდებიან ბალანჩინის ფონდის წარმომადგენლები.

მოიპოვო ბალანჩინის ცეკვის უფლება, ნიშნავს, რომ დასის საშემსრულებლო დონე მაღალია. მისი ცეკვა საოცრად პრესტიჟულია მსოფლიოს ყველა თეატრისთვის და მოცეკვავისთვის. რაში მდგომარეობს მისი ქორეოგრაფიის სირთულე, ამის შესახებ ბოსტონ ბალეტის ქართველ წამყვან მოცეკვავეს, ლაშა ხოზაშვილს ვკითხეთ, რომელსაც მისტერ ბის როგორც თბილისში, ისე შეერთებულ შტატებში დადგმულ არაერთ ბალეტში აქვს მონაწილეობა მიღებული:

ლაშა ხოზაშვილი: „უკვე რამდენიმე წელია, შტატებში ვცხოვრობ და რთულია იმის თქმა, თუ როგორ ეთაყვანებიან აქ ბალანჩინს, რაოდენ საფუძვლიანად იცნობენ მის სტილს. ამიტომაც გამხდარა კრიტიკის ობიექტი ბევრი რუსი მოცეკვავე, რომლებიც ხშირად ცდილობენ ზედმეტად წარმოაჩინონ საკუთარი მონაცემები, რასაც ბალანჩინის ქორეოგრაფია უბრალოდ ვერ იტანს. ის ერთდროულად ძალიან უბრალო და, ამავდროულად, ურთულესი შესასრულებელია. პირველი შეხება ბალანჩინის ქორეოგრაფიასთან თბილისში მქონდა, სადაც აპოლონი და კიდევ რამდენიმე ბალეტი ვიცეკვე. ბოსტონის რეპერტუარიც მდიდარია მისი დადგმებით და გამიმართლა, რომ ორივეგან ნიუ იორკ სითი ბალეს რეპეტიტორებთან, მისტერ ბის დასის ყოფილ მოცეკვავეებთან მომიწია მუშაობა.

რაც შეეხება ბალანჩინის ქორეოგრაფიის სირთულეს, გამომდინარე იქიდან, რომ სტრავინსკის მუსიკაზე აქვს უამრავი ბალეტი დადგმული, ამ რითმზე ცეკვა, მისი თვლა, ძალიან ძნელია. აქ არ გვხვდება სტანდარტული მეოთხედები და მერვედები, თვლა გამუდმებით იცვლება, ამიტომ მოცეკვავეები ამ ქორეოგრაფიის შესწავლას ჯერ თვლის ათვისებით ვიწყებთ, მათემატიკასავით ვიზეპირებთ და მერე უკვე მუსიკაც გვესმის. მისი ქორეოგრაფია სტილის თამაშია: ჯაზი, სუფთა კლასიკა, უნგრული და რუსული ნაციონალური ილეთები ისე ენაცვლება ერთმანეთს, ერთი შეხედვით, აღქმაც კი გიჭირს. მაგალითად, Simphony in C-ში, რომელიც ბოლო დროს ბოსტონში ვიცეკვე, თვითონ ცეკვისას აღვიქვი, რომ იქ ბევრი ქართული ილეთის შესრულება მიხდებოდა, რომლებიც პირდაპირ არ არის მოცემული, გადაკეთებულია, მაგრამ მათი წარმომავლობა აშკარად იგრძნობა".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის რეპერტუარი ბალანჩინის არაერთ ბალეტს ითვლის და საიუბილეოდ რიგით მეთერთმეტე დადგმის Concerto Barocco-ს შესასრულებლად ემზადება. თუ რატომ შეჩერდა არჩევანი მისტერ ბის ამ ბალეტზე, ამის შესახებ ბალეტის გამოცემების რედაქტორი – ილია თავბერიძე გვესაუბრა:

ილია თავბერიძე: „Concerto Barocco ბალანჩინის შედევრად არის მიჩნეული და იმ ბალეტებს მიეკუთვნება, რომელიც დღესაც წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში გარკვეული ცდების მიუხედავად, ბახის მუსიკაზე ქორეოგრაფიული ტექსტის შექმნა მხოლოდ ბალანჩინს გამოუვიდა. ბალეტი ბახის ორი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის შექმნილ ცნობილ კონცერტზეა დადგმული და მისი პრემიერა 1941 წელს გაიმართა. ჯორჯ ბალანჩინი აღნიშნავდა, რომ „თუ ქორეოგრაფი კლასიკური ცეკვის განვითარებაში მუსიკის განვითარების შესაბამისობას ხედავს და ორივე შესწავლილი აქვს, ის დიადი მუსიკალური ნაწარმოებებიდან მუდმივ შთაგონებას მიიღებს". ასეთი შთაგონების შედეგია Concerto Barocco. ბალეტს ბალანჩინისთვის დამახასიათებელი პატარა კორდებალეტი – სულ 8 ბალერინა ასრულებს.

ირველ ნაწილში მათთან ერთად ორი სოლისტი ბალერინა ასოციაციურად ორ ვიოლინოს განასახიერებს, შემდეგ, ამ მოკლე ანსამბლს, ბალერინა და მოცეკვავე მამაკაცი პა დე დეთი უერთდებიან, კოდას კი მთელი ანსამბლი ცეკვავს.

Concerto Barocco-ს დადგმას თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასთან ამჯერადაც ბარტ კუკი განახორციელებს. ეს გახლავთ ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერი, ნიუ იორკ სითი ბალეს ბოლო თაობის სოლისტი, რომელიც უშუალოდ მუშაობდა ქორეოგრაფთან. 2004 წლიდან, როცა ნინო ანანიაშვილმა ბალანჩინის ფონდისგან თბილისში ქორეოგრაფის რამდენიმე ბალეტის დადგმის ნებართვა მიიღო, დასთან ყოველთვის ბარტ კუკი და მისი მეუღლე მარია კალეგარი (ისიც ნიუ იორკ სითი ბალეს სოლისტი გახლდათ) მუშაობდნენ. ამიტომ, ბალეტმაისტერმა კარგად იცის ქართველი მოცეკვავეების შესაძლებლობანი და არჩევანს მათგან, მაისის დასაწყისში, თავად გააკეთებს. ბარტ კუკს ყოველთვის უნდოდა თბილისში ბალანჩინის ამერიკული პერიოდის ბალეტები დაედგა, მათ შორის, სტრავინსკის, ჰინდემიტის მუსიკაზე შექმნილი არაერთი შედევრი. რამდენადაც მახსოვს და მომისმენია ნინო ანანიაშვილის და მისი საუბარი ამ გეგმებზე, Concerto Barocco ამ გეგმის ნაწილია. მაგრამ თეატრის სარესტავრაციო სამუშაოებმა ამის განხორციელება დროებით შეაფერხა. ახლა გაჩნდა საშუალება, რომ საბალეტო დასმა კვლავ განაგრძოს ურთიერთობა ბალანჩინის ფონდთან".

Concerto Barocco-ს პრემიერა ქართველი მოცეკვავეების შესრულებით, 23 მაისსაა დაგეგმილი და თბილისის საბალეტო დასი ამ დადგმას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით განახორციელებს.

კომენტარები