ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი კრიმინალის შესაძლო დროებით ზრდაზე კიდევ ერთხელ საუბრობს

პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან ამნისტიის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრა და განმარტა უწინდელი გამონათქვამი, რომელიც საზოგადოებას კრიმინალის ზრდისადმი გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდებდა.

ივანიშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ ამნისტიის შედეგად ციხიდან გამოსული ადამიანების მცირე ნაწილი კვლავ განაგრძობს „ძველ ცხოვრებას“, დროებით კრიმინალური ფაქტების რაოდენობა მოიმატებს და საზოგადოება ამ უხერხულობას გაგებით უნდა მოეკიდოს, რადგან მსგავსი ჰუმანური აქტი აუცილებელია საზოგადოებისთვის.

„როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს უშვებ ციხიდან, ზუსტი ფილტრი ვერ იქნება და გასაგებია, რომ იქ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას, რისთვისაც ციხეში იყო. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე შესაძლებელია, რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. მე არ მქონდა მხედველობაში, რომ ეს მუდმივი და ხანგრძლივი პროცესი იქნება და გაიზრდება კრიმინალური სიტუაცია ქალაქში თუ საქართველოში. დროებით ალბათ იქნება რაღაც აფეთქებები - მხედველობაში მაქვს, რომ სადღაც მანქანა გატეხეს, სადღაც ბინა და მოსახლეობა გაგებით მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი არის ჰუმანური და აუცილებელია საზოგადოებისთვის. ეს მქონდა მხედველობაში, რომ რამდენიმე პრეცედენტი შეიძლება დაემატოს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს ქვეყანაში, და რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება გაგებით მოეკიდოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები