"თავდაცვის სამინისტრომ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს 12 მილიონამდე ევროს ღირებულების მეორადი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული "აკ--47" და "აკს-47" ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი შეიძინა", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.
მისი თქმით, საბრძოლო იარაღის შესყიდვების შესახებ მასალებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და ამით ბევრი რამ გამოირკვა. ავალიანი აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებდა და მილიონობით ლარი ირიცხებოდა ოფშორულ ზონებში, რის შედეგადაც საქართველო მოძველებულ ტექნიკას იძენდა.
"აკ-47 შეიარაღებაში აღარ აქვს თავად რუსეთის ფედერაციასაც კი. დოკუმენეტების თანახმად კი, ერთ ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, თუმცა ამ ავტომატური იარაღის საბაზრო ფასი 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. საქმე აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილი იქნება პროკურატურაში", - განაცხადა ავალიანმა.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კიდევ მიდის შესყიდვებთან დაკავშირებული რამდენიმე მასალის შესწავლა, რომელშიც ფიგურირებს სხვა იარაღიც და, მათ შორის, სამხედრო ტექნიკაც.
ავალიანის თქმით, სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ კორუფციულ გარიგებებსაც ჰქონდა ადგილი.




