საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა. პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა. აშშ-ის საელჩომ თბილისში „იმედისმომცემი“ უწოდა ამ ფაქტს, რადგან „შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე“ მთავრობამ და პრეზიდენტმა შეძლეს შეთანხმება. პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში. მანამდე მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე, დაკავებამდე გიგი კალანდაძე მუშაობდა. გენერალი კალანდაძე ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.




