სასჯელაღსრულების სისტემა

ჩამსხვრეული ფანჯრები

საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ციხეების განტვირთვის მიზნით დაანონსებულმა ამნისტიამ უკვე კონკრეტული მონახაზი შეიძინა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელმაც ყოველგვარ გონივრულ მოლოდინს გადააჭარბა. ამნისტია სხვადასხვა სახით შეეხება ყველა ტიპის დანაშაულს და ყველა მსჯავრდებულს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული – რამდენი პატიმარი დატოვებს ამნისტიის შედეგად სასჯელაღსრულების სისტემას. იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტია ეხება დანაშაულთა ერთობლიობას და, ამავე დროს, განახევრებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვადაზე ადრე საპატიმროებიდან გათავისუფლდება დაახლოებით 14000-მდე მსჯავრდებული.

 

პროექტი იმდენად რადიკალურია, რომ საეჭვოა იგი მისაღები აღმოჩნდეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისათვის. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად გამოიწვევს დანაშაულის მკვეთრ ზრდას და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სამართალდამცავ სისტემას, რაც, ლოგიკურად, არ უნდა იყოს მთავრობის ინტერესებში.

ამნისტიის კანონპროექტის განხილვამდე, უნდა განიმარტოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია დანაშაულთა სამი კატეგორია: ნაკლებად მძიმე – რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, მძიმე – რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 10 წელს და განსაკუთრებით მძიმე – ანუ დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლი შეიძლება მოიცავდეს სამივე კატეგორიის დანაშაულს. მაგალითად, ავიღოთ მუხლი 178 – ძარცვა, ანუ ადამიანისთვის რაიმეს წართმევა – ამ მუხლს აქვს ოთხი ნაწილი, აქედან პირველია 150 ლარამდე ღირებულების ქონების დაუფლება, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, მეორე და მესამე ნაწილი უკვე მძიმე დანაშაულია, ვინაიდან მოიცავს ძალადობას, ბინაში შეღწევასა და სხვა გარემოებებს, მეოთხე ნაწილი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მასში ორგანიზებულ მძარცველთა ჯგუფი ფიგურირებს და, შესაბამისად, ყველაზე საშიშია საზოგადოებისათვის.

განვიხილოთ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:

ა) მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება;

ბ) ნაკლებად მძიმე, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულების გათავისუფლება;

გ) პირობით მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხსნა.

გავყვეთ თანმიმდევრულად.

– სასჯელის განახევრება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული ქალების, არასრულწლოვნებისა და პირველად დანაშაულის ჩამდენი სრულწლოვანი მამაკაცებისათვის.

ეს კანონპროექტის ყველაზე „ჰუმანური” ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – შეღავათები ორგანიზებულ დანაშაულს, ვინაიდან იგი ვრცელდება არა მხოლოდ ცალკეულ კრიმინალზე, არამედ სტრუქტურირებულ, სპეციალურად დანაშაულის ჩასადენად შეკავშირებული დაჯგუფებების წევრებზე. ეს არის დანაშაულის ყველაზე საშიში სახე.

საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან იმ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისა, რომელსაც ეხება ამნისტია, მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, მეტი თვალსაჩინოებისათვის შევეცდები მაგალითების მოხმობას.

1. ამნისტია ეხება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ დანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:

ა) ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა – მათ შორის, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში შეღწევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით – მაგალითად, დაჯგუფება, რომელიც გადანაწილებული როლებით, ნიღბებითა და იარაღით, გამორჩეული განსაკუთრებული სისასტიკით, ღამით შევიდა მსხვერპლის სახლში ოჯახის დასაყაჩაღებლად.

ბ) თაღლითობა, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით – მაგალითად, პირები, რომლებიც მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა უძრავ ქონებას და შემდგომში თაღლითურად გაყიდეს იგი.

გ) გამოძალვა, მათ შორის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჩადენილი რეკეტირის მიერ – მაგალითად, მოქალაქის შეყენება, ან როდესაც ქონების წაგლეჯას წინ უძღვის ჩაგვრა, აგრესია, შანტაჟი, ძალადობის მუქარა.

დ) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება – მაგალითად, მოპარული სარკეების, კანტების, მაგნიტოფონების, მობილურებისა და სხვა ქონების ჩაბარება/გაყიდვა. საუკეთესო მექანიზმი ამგვარი ქონების ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და გამოძალვის პრევენციისათვის.

2. ამნისტია ეხება ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:

ა) ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, დამზადება, საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვა, გასაღება – მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – მაგალითად, მსხვილი ნარკოდილერებისა და

საზღვარგარეთიდან ნარკოტიკების იმპორტიორთა ქსელის წევრები.

ბ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება – აქ მაგალითის გარეშეც გასაგებია, თუ რასთან გვაქვს საქმე.

3. ამნისტია ეხება სამეწარმეო, ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ დანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), აგრეთვე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალურად წარმოჩენა და ამ ქონებით მანიპულირება, ეს არის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, საბანკო სექტორს, ამავე დროს, წარმოადგენს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული ინტერესის საგანს.

ბ) საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, აგრეთვე ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

გ) ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

დ) ყველა ტიპის კონტრაბანდა, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად – გადატანა ან გადმოტანა.

4. ამნისტია ეხება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის:

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

ხულიგნური ქვენა გრძნობით;

რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

ჯგუფურად – აგრეთვე იმ შემთხვევასაც, როდესაც ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მაგალითად, რომელიმე უბნის ძველი ბიჭების მიერ ვინმეს ცემა და დაჭრა, მოტივით, ან მის გარეშეც.

ბ) სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მათ შორის:

ორი ან მეტი პირის მიმართ;

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

შეკვეთით;

რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

მაგალითად, ვინმეს სისტემატური ცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იეჰოვას მოწმე, ეთნიკურად სომეხი ან შავკანიანია.

ამ ჩამონათვალის გარდა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში მოცემულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ვრცელ სიაში აგრეთვე გვხვდება ნარკოტიკების მოხმარებაზე არასრულწლოვნის დაყოლიება, ადამიანებით ვაჭრობა და სხვა არაერთი ძალიან საშიში კანონდარღვევა.

– ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირებისა და პრობაციონერების სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

პირობითი სასჯელის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება. პრობაციის ბიურო ახორციელებს ზედამხედველობას პრობაციონერებზე და სთავაზობს მათ გარკვეულ (არასაკმარის, მაგრამ მაინც) სერვისებს, ამასთან, პირობით მსჯავრდებული პირები აცნობიერებენ, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის ვადა შესაძლოა გადაიზარდოს პატიმრობაში და, შესაბამისად, თავს იკავებენ კანონდარღვევისაგან. ეს არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც იწვევს ქურდობის, ხულიგნობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა დანაშაულის პრევენციას.

აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს მსჯავრდებულის უნარ-ჩვევებისა და სხვა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. აგრეთვე არსებობს განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ პირობითი მსჯავრის მოხსნის სამართლებრივი მექანიზმი.

კანონპროექტით წარმოდგენილი ვარიანტი, რომ პირობითი მსჯავრი მოეხსნას 35000-მდე დამნაშავეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რამდენჯერაა ნასამართლევი, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირობითი მსჯავრის რა ვადა აქვთ მოხდილი – გამოიწვევს ზემოაღნიშნული შემაკავებელი ფაქტორის მოხსნას და, შესაბამისად, დანაშაულის მაჩვენებლის ზრდას.

ანალოგიური მიდგომაა გადმოცემული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. ამნისტიის კანონპროექტით ვიგებთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა არც პირის წარსულში ნასამართლობას და არც იმას, თუ რამდენი დანაშაულის ერთობლიობისთვის არის იგი მსჯავრდებული. მაგალითად, პირი, რომელსაც სხვადასხვა დროს ჩადენილი აქვს ქურდობის რამდენიმე ეპიზოდი, ხულიგნობა, ცემა და ჯანმრთელობის დაზიანება – გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

დიახ, კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იხდიან საპატიმრო სასჯელებს, არამედ ინიციატორებს სურთ, უბრალოდ შეწყვიტონ გამოძიება 6 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. არგუმენტები ციხის პირობებსა და უსამართლო მართლმსაჯულებაზე აქ არ გამოდგება, ეს არის პირდაპირი დეკლარირება ნაკლებად მძიმე დანაშაულისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების, რაც დანაშაულის ჩადენის უშუალო წახალისებას ნიშნავს.

გასული წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე გავრცელებული სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულებია, კერძოდ: ნარკოტიკების მოხმარება, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი ქურდობა, თაღლითობა, იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, ცემა, მუქარა, ხულიგნობა და სხვა. მთლიანობაში, ნაკლებად მძიმე დანაშაული შეადგენს ჩადენილი კრიმინალის დაახლოებით 60%-ს.

ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა ამნისტირება, საზოგადოების მხრიდან შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც პოზიტიური სიგნალი წვრილმანი დანაშაულის მიმართ, რაც წარმოქმნის უდანაშაულობის განცდას და აუცილებლად გააუარესებს კრიმინოგენურ ვითარებას.

ნულოვანი ტოლერანტობა

„თუკი შენობაში პირველი ჩამსხვრეული ფანჯარა არ აღდგება, მაშინ ფანჯრების ჩამსხვრევის მოსურნე ადამიანები ჩათვლიან, რომ არავის ანაღვლებს ამ შენობის ბედი და უფრო მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრევა. მალე შენობას საერთოდ არ ექნება ფანჯრები”. – ჯეიმს ქ. ვილსონი და ჯორჯ კელინგი, 1982.

ეს გახლავთ ციტატა „ჩამსხვრეული ფანჯრების” თეორიიდან, რომლის თანახმადაც, წვრილმანი დანაშაულის უკონტროლობა ქმნის ზოგადი უწესრიგობას განცდას და განაპირობებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ზრდას. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტერმინი – „ნულოვანი ტოლერანტობა”, რომელმაც აქტუალურობა ნიუ იორკის მერად რუდოლფ ჯულიანის არჩევის შემდეგ შეიძინა.

დანაშაულის დედაქალაქი

90-იანი წლების ნიუ იორკში ძალიან მაღალი იყო ისეთი დანაშაულის მაჩვენებელი, როგორიცაა – მანქანის ქურდობა, მანქანის ნაწილის ქურდობა, ძარცვა, ჯიბის ქურდობა და ა.შ. ქალაქის მცხოვრებლები ავტომობილის მინაზე აკრავდნენ ფურცელს წარწერით – „მანქანაში არ დევს მაგნიტოფონი, გთხოვთ, ტყუილად ნუ ჩაამსხვრევთ”. ხაზი უნდა გაესვას, რომ ასევე მაღალი იყო მკვლელობის, ყაჩაღობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლები.

1993 წელს ნიუ იორკის მერად რუდოლფ ჯულიანის არჩევისა და 94 წლის იანვარში ქალაქის პოლიციის უფროსად ბილ ბრეტონის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო პოლიციის სისტემის რეფორმირება და შემუშავდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი პოლიტიკა. გადადგმული ნაბიჯებიდან გამოსაყოფია რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი:

● პოლიციას განესაზღვრა კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა, მაგალითად, „მოაშორეთ იარაღი ქუჩებიდან”, „აღმოფხვერით ძალადობა სკოლებში”, „განდევნეთ ნარკოდილერები ქალაქიდან”;

● გაუმჯობესდა საინფორმაციო სისტემები, დადგინდა დანაშაულის „ცხელი წერტილები”, კრიმინოგენური ტენდენციები განისაზღვრა უბნების დონეზე;

● ადგილობრივ ოფიცრებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა მათ სამოქმედო არეალში დანაშაულის მაჩვენებელზე. კერძოდ, დაევალათ შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაინერგა მონიტორინგის სპეციალური სისტემა, ე.წ. კომპსტატ მეთოდით, რომელიც მოიცავდა დანაშაულის რუკის შედგენასა და ტენდენციების ყოველკვირეულ ანალიზს პოლიციის ხელმძღვანელობასთან ერთად;

● განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პერსონალის შერჩევასა და ადეკვატურ მომზადებას, ამავე დროს, მათ აღჭურვას ყველა საჭირო რესურსით;

● მუშაობის ტრადიციული წესის, შემთხვევითი შერჩევით პატრულირებისა და პოსტფაქტუმ რეაგირების ნაცვლად, პოლიციაში დაინერგა ახალი მეთოდები, რომლებიც მორგებული იყო კონკრეტული რაიონის სპეციფიკას, მათ შორის – წვრილმანი დამნაშავეებისადმი მკაცრი მოპყრობა, იარაღის ბრუნვის კონტროლი, შენობებზე ვერტიკალური პატრულირება, უფორმო პოლიციელების მოძრაობა ქუჩებში, ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების ამუშავება და სხვა;

● გაიზარდა კოორდინაცია სხვადასხვა საპოლიციო უწყებებს შორის, მათი ამოცანა გახდა არა ინდივიდუალური წარმატება, არამედ კონკრეტულ რაიონში დანაშაულის კონტროლი.

გატარებული პოლიტიკა ეფექტიანი და წარმატებული აღმოჩნდა. ბილ ბრეტონის განცხადებით: „ნიუ იორკი, რომელიც ითვლებოდა დანაშაულის დედაქალაქად, გადაიქცა ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისად მსოფლიოში. როგორ მოხდა ეს? ამაში ‘ბრალი’ მიუძღვის პოლიციას. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ნიუ იორკის პოლიციას, პასუხისმგებლები არიან დანაშაულის ამ დრამატულ კლებაში, რაც დღესაც გრძელდება”. მართლაც, თუ გადავხედავთ 1993-1996 წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, წვრილმანი დანაშაულის შემცირების პარალელურად, 36%-ით იკლო ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობამ, ხოლო მკვლელობების რიცხვი თითქმის განახევრდა.

საქართველო ნულოვან ტოლერანტობამდე

2006 წელს საქართველოში არანაკლებ საგანგაშო კრიმინოგენური ვითარება იყო. რეგისტრირებული კრიმინალის უმეტესი ნაწილი მოდიოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. თბილისი ითვლებოდა ქალაქად, სადაც 10 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იყო დანაშაულის მსხვერპლად გახდომის რისკი. აქ მანქანას ჰპარავდნენ ყველაფერს, რაც მას ეხსნებოდა, იპარავდნენ თვითონ მანქანებსაც და ეს ხდებოდა მასობრივად. ჩვეულებრივი მოვლენა იყო მობილური ტელეფონების წართმევა, ე.წ. შეყენება და ფულის წართმევა, საყურეების ჩამოგლეჯა ქალებისთვის, ყაჩაღობა ლიფტებში, მანქანებში, სადარბაზოებში. კრიმინალები ძარცვავდნენ, ქურდავდნენ, შედიოდნენ სახლებში და ა.შ.

ნარკოტიკები ხელმისაწვდომი იყო, ნახმარი შპრიცები ეყარა ყველა უბანში, ნარკოტიკების მოხმარება წარმოადგენდა მოდას, ნარკოდამოკიდებული პირები ჩადიოდნენ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულებს.

ცალკე უნდა გამოვყოთ ქურდული სამყაროს გავლენა კრიმინოგენურ ვითარებაზე. საინტერესოა, რომ 15 რესპუბლიკისგან შემდგარ საბჭოთა კავშირში „მოღვაწე” კანონიერი ქურდების 1/3 საქართველოდან იყო. ქურდები იყვნენ ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ლიდერები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობრივ კონტროლს ციხეებზე, ბიზნესზე, საზოგადოებაზე. ქურდების მიმართ შიში განაპირობებდა მათ ავტორიტეტს, რის გამოც ისინი იყვნენ ერთგვარი მისაბაძი მაგალითები ახალგაზრდებისთვის.

ქუჩის დანაშაული უშუალოდ უკავშირდებოდა კანონიერ ქურდებს. წვრილმანი დამნაშავეები წარმოადგენდნენ ქურდული სამყაროს პირამიდის პირველ საფეხურს. კანონიერი ქურდები კრიმინალურ კარიერას სწორედ ჯიბგირობით, ქურდობითა და მცირე გამოძალვით იწყებდნენ. დამწყები კრიმინალები იყვნენ კანონიერი ქურდების დასაყრდენი ძალა, საკადრო რესურსი და, ამავე დროს, ისინი ყველაზე მეტად აწუხებდნენ საზოგადოებას, რადგან ე.წ. ქუჩის დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენდა დანაშაულის მთლიანი მაჩვენებლის 2/3-ს.

კრიმინოგენურ ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობდა სამართალდამცავი სისტემა, პრობლემატური იყო პოლიციის მიერ დანაშაულის რეგისტრაცია, საზოგადოება არ თანამშრომლობდა მართლმსაჯულებასთან, სასამართლოები სასჯელის სახით უმეტესად იყენებდნენ ჯარიმასა და პირობით მსჯავრს.

– ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში გატარებული ზომები

ქურდები

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებით. შემუშავდა კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლითაც განიმარტა კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს წევრის, როგორც ტერმინთა მნიშვნელობები. კანონმა აგრეთვე საშუალება მისცა სახელმწიფოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გაწერილი პროცედურის დაცვით, ჩამოერთმია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრებისათვის.

2006 წლიდან მოყოლებული, კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა და მსჯავრი დაედო 170-ზე მეტ პირს.

მსჯავრდებული კანონიერი ქურდები, რომლებიც ადრე სხვადასხვა ციხეებში იყვნენ განაწილებული, შეასახლეს სპეციალურ მე-7 საპყრობილეში და განათავსეს დანარჩენი პატიმრებისგან განცალკევებით. მათ მოესპოთ საშუალება, ეძალადათ სხვა მსჯავრდებულებზე, აგრეთვე კონტაქტი დაამყარებინათ დანაშაულებრივ სამყაროსთან, როგორც პენიტენციარულ სისტემაში, ისე მის გარეთ. მათ ჩამოერთვათ კრიმინალური გზით მოპოვებული მილიონობით ღირებულების ქონება.

ქუჩის დანაშაული

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განსახორციელებლად, 2006 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება.

ა) გამკაცრდა სასჯელის ზომები გავრცელებული დანაშაულებისთვის და აიკრძალა სავალდებულო მინიმუმზე დაბალი სანქციის

შეფარდება გამოძიებასთან თანამშრომლობის გარეშე;

ბ) ცალკე დასჯადად გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართული ქურდობა და განისაზღვრა მკაცრი სასჯელი;

გ) დანაშაულად გამოცხადდა საბუთის გარეშე ავტონაწილის, მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი ტექნიკის შეძენა ან გასაღება და განისაზღვრა მკაცრი სასჯელი;

დ) მკაცრი ზომები განისაზღვრა ნარკოდანაშაულის ჩამდენი პირებისათვის;

ე) განისაზღვრა სასჯელის სრულად შეკრების წესი.

ამასთან, განხორციელდა სამართალდამცავი სისტემის რეფორმა, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა უწყებების შერწყმით შემცირდა სტრუქტურული პარალელიზმი, გადახალისდა ადამიანური რესურსი, პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ოპერატიული საშუალებებით, დაინერგა ეთიკის სტანდარტები, მკაცრი კონტროლი დაწესდა დანაშაულის რეგისტრაციაზე, გაუმჯობესდა პოლიციის მუშაობა რაიონულ და უბნის დონეზე. ამასთან, ამუშავდა საპროცესო შეთანხმების მექანიზმი, რამაც ხელი შეუწყო გამოძიებასთან თანამშრომლობას, სხვა დანაშაულების გახსნასა და მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას.

გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2005-დან 2009 წლამდე პერიოდში, საქართველოში მკვეთრად შემცირდა ყველა კატეგორიის დანაშაული. ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად, დანაშაულის დონის მნიშვნელოვანი ვარდნის ტენდენცია დაადასტურა ევროკავშირის ვიქტიმიზაციის კვლევის შედეგებმა – „საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან რამდენიმე წელიწადში ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თბილისი გახდა დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი”... – აღნიშნავს იან ვან დაიკი, ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხთა პროფესორი.

ნულოვანი ტოლერანტობის მაგალითი გვიჩვენებს, რომ წვრილმანი დანაშაულისათვის დაუსჯელობა გამოიწვევს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ზრდას და საბოლოოდ, ამ ყველაფრით დაზარალდება საზოგადოება, ვინაიდან მეტი ადამიანი გახდება კრიმინალის მსხვერპლი, გაუარესდება უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო, შეფერხდება ეკონომიკის განვითარება. საბოლოოდ, ეს მძიმედ აისახება მთლიანად სახელმწიფოზე.

პატიმართა რაოდენობა

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, დანაშაულის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, გამოიწვია პატიმართა რაოდენობის ზრდა, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რიცხოვნობით საქართველო ლიდერ ქვეყნებს შორის მოექცა აშშ-სა და რუსეთთან ერთად.

2011 წლის ივნისის სტატისტიკური მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო 24 125 პირი. სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ყველაზე მეტი ხვედრითი წილი სრულწლოვან კაცებზე მოდიოდა (22 725). ამასთან, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 79.5% იყვნენ 18-45 წლის პირები (19 188).

პატიმართა დიდი რაოდენობა წინა ხელისუფლებამ ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნია. შესაბამისად, 2012 წელს შემუშავდა სასჯელაღსრულების სისტემის ეტაპობრივი განტვირთვის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ციხეების განტვირთვისთვის მნიშვნელოვნად ჩაითვალა, ერთი მხრივ, პატიმართა ახალი ნაკადის, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პატიმართა რაოდენობის შემცირება.

კონცეფციის თანახმად:

პირველ მიზანს ემსახურება – სისხლისსამართლებრივი დევნისა და პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების იმპლემენტაცია, კერძოდ: განრიდება, აგრეთვე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისა და სხვა არასაპატიმრო სასჯელების გამოყენება;

მეორე მიზანს ემსახურება – პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ინტენსიურად ამოქმედება, აგრეთვე საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა.

დაიწყო თავისუფლების შეზღუდვის, ე.წ. ნახევრად სახლის ტიპის დაწესებულებების კონცეფციის რეალიზაცია, რაც გულისხმობს პატიმართათვის სასჯელის ბოლო თვეების გატარებას ღია გარემოში, სხვადასხვა პროფესიების შესწავლას და სარეაბილიტაციო პროგრამების გავლას, რათა მსჯავრდებული უფრო მომზადებული დაუბრუნდეს საზოგადოებას.

თითოეული ზემოაღნიშნული მექანიზმი გულისხმობს მსჯავრდებულებთან ინდივიდუალურ მიდგომას, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვის პროცესი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცალკეული დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, სასჯელების შემცირება და კოდექსის მოდერნიზაცია.

დასკვნა

პატიმართა რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმამდე, აუცილებლად უნდა გაანალიზდეს შესაბამისი რისკები, მსჯავრდებულთა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, იმ დანაშაულთა გავრცელების დონე, რომლებსაც ეხება ცვლილება და სხვა ფაქტორები.

პატიმართა რაოდენობის შემცირების მიზნით, ამნისტიასა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს შორის, პრიორიტეტი ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაულის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს მოსალოდნელი სასჯელის რაციონალური განჭვრეტა პოტენციური სამართალდამრღვევის მხრიდან. ამ ფაქტორის გაუაზრებლობამ შესაძლოა მიგვიყვანოს შენობამდე, რომელსაც აღარ ექნება ფანჯრები.

კომენტარები