სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, ხოლო საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
ინტერპრესნიუსის ცნობით, რასმუსენმა განაცხადა: "ჩვენ არც გვიფიქრია ამ საკითხიდან გადახვევა. მინდა პირველ რიგში განვაცხადო, რომ ეს შეხვედრა იქნება ჩვენი პირველი შესაძლებლობა, განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და საქართველოში არის ფართო კონსენსუსი NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში".
რასმუსენმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა დემოკრატიულად და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უმტკივნეულო კოჰაბიტაციასა და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან.




