"გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს, კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას", -ასეთი განცხადება გააკეთა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფოს სტატუსით.
30 ნოემბერს გაერომ პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 138-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. 41- მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო 9 ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წინააღმდეგ მისცა ხმა. აქამდე გამართულ სესიებზე საქართველო მხარს არ უჭერდა პალესტინისთვის ავტონომიის სტატუსის გაზრდას. საქართველოს პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტოლოგმა, მათ შორის აბრაამ შმულევიჩმა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ, პროტესტი გამოხატა. შმულევიჩის თქმით, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საწინდარი იყოს.
იციკ მოშეს თქმით კი, ეს ნაბიჯი საქართველო-ისრაელის ურთიერთობას დაძაბავს. "მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას. არა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს", - განაცხადა მოშემ.