გაეროს რეზოლუცია

გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში გამართულ 75-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. დოკუმენტი გენერალურ ასამბლეას 2008 წლიდან ჰქონდა წარდგენილი. რეზოლუცია ინიიცირებული იყო საქართველოსა და 57 თანაავტორი ქვეყნის მიერ. რეზოლუციას წელს მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

რეზოლუციაში წლევანდელი 57 ქვეყნის თანაავტორობა, გასული წლის თანაავტორების რიცხვს აღემატება. თუმცა შემცირებულია რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა. შარშან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ, წელს კი 80-მა.

რეზოლუცია ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებისა და საკუთრების უფლებას, დაგმობილია იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები, რომლებიც ამ რეგიონებში მოხდა. ასევე საუბარია რუსეთის ოკუპაციის შედეგებზე.

გენერალური ასამბლეა ჟენევის მოლაპარაკების ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გაუმჯობესებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს, რაც მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებისთვის. 

ეს რეზოლუცია ყოველწლიურად დგება და გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის წარდგენას ავალდებულებს. 

 

კომენტარები