გამოძიება

დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად ორი მუხლით წაუყენეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაუსწრებლად წარედგინა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალაიას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ბრალდებები აბსურდული და ცილისმწამებლურია. მისივე თქმით, საქმე ეხება პოლიციელების ცემას. "ამას რეალურად ადგილი არ ჰქონია. 8 წლის წინანდელ გარემოებებზეა საუბარი. დავით ახალაიას პოზიციაა, რომ ის არ იკადრებდა შეურაცხყოფის მიყენებას მისი კოლეგისთვის, პოლიციელისთვის. ნაწილობრივ გავეცანი მასალებს და ბრალდებებით ასეთი უკანონო ფორსირება ახალაიას მიმართ, პატივს არ დებს პროკურატურას. მე სრული საფუძველი მაქვს განვაცხადო, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ იმსჯელებს. "ყველა შეკითხვას გაეცემა ზუსტი და სამართლიანი პასუხი. ის, რაც მის მიმართ ხდება, არის აბსოლუტური უსამართლობა. მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს და უმრავლესობას, რომ პროკურატურაში და სამართალდამცავ სისტემაში არ ხდება ის, რისი წარმოდგენაც შეიძლება მათ ჰქონდეთ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წარედგინათ სხვა პირებსაც. კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოლეგ მელნიკოვს, სოსო თოფურიძეს და გერონტი ალანიას. ზაქარეიშვილის განცხადებით, დათა ახალაია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლას, ადვოკატმა უპასუხოდ დატოვა.

 

კომენტარები