საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში პალერმოს მერს საკუთარ სახლში უმასპინძლა. სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დანაშაული სამწუხაროდ სწრაფად იზრდება.
პრეზიდენტი ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტებსაც გამოეხმაურა.
"ჩვენ ევროკავშირის მონაცემებით ვიყავით ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. ახლა, როცა იჭერენ ჩემს თანაგუნდელებს, ვერავინ უყენებს ბრალდებას, რომ მათ სახლში წაიღეს რამე. იძახიან, რომ ვიღაცას მანქანები მიატანინეს სახელმწიფო უწყებაში - რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს არაა სწორი და კანონის დარღვევა იქნებოდა, თუმცა, რამდენად ასე იყო, ეს ჯერ საკამათოა, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ ამბობს, რომ ჩვენ სახლში წავიღეთ რამე - სახლები და ვილები ავიშენეთ. თუ მართლა სინდისზე არ აიღეს ხელი, ამის იურიდიულად დამტკიცება იქნება შეუძლებელი, რადგან ეს არც მომხდარა", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მისი ხელისუფლების დროინდელი მთავრობა "ძალიან სუფთა იყო". "მთელი მთავრობა იყო ძალიან სუფთა. როგორ, თითქმის 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, ამდენი აშენებული შენობა ციდან ჩამოვარდა?! გგონიათ მხოლოდ დრომ მოიტანა?! თუ დრომ მოიტანა, დროვე წაიღებს მაშინ, ასე რომ, მგონია სიმართლე გაიმარჯვებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში არაფერი დაიკარგება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





