განათლება

ახალი კომისია განათლების სამინისტროში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პედაგოგების საქმეების შემსწავლელი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ მიმართა „საზოგადოების ამ ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და ცივილიზებულ ნაწილს, მოეხერხებინათ და საზოგადოებრივი რესურსით თვითონვე დაეძლიათ ეს პრობლემა“.

მინისტრის განცხადებით, რიგ შემთხვევაში ეს მოხერხდა, თუმცა ყველგან ეს პრობლემა არ გადაწყვეტილა: „სამინისტროში შემოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრ ადამიანს რჩება განცდა, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ შექმნა კომისია, რომლის მთავარი მიზანი იქნება, მოიკვლიოს ყველა ასეთი საქმე და შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ეს დავები“.

კომისიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში შედიან სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციის წევრები. ასევე სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სკოლა, ოჯახი და საზოგადოება, განათლების, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, კომისიაში განსახილვევლად უკვე 500-მდე განცხადებაა შესული. 

კომენტარები