იუსტიციის სამინისტრო

პროკურატურის რამდენიმე საქმე შსს-ს კომპეტენციის ნაწილი ხდება

პროკურატურის საგამოძიებო კომპეტენციას დაქვემდებარებული რიგი საქმეები შსს-ს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში გადადის. 
საუბარია "სისხლის სამართლის კოდექსის" 332-ე, 335-ე, 337-ე, 342-ე, 377-ე, 377/1-ე, 377/2-ე და 381-ე მუხლებით განსაზღვრულ დანაშაულებზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას, სამსახურებრივ გულგრილობას, აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებას, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას, მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობას, განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ან მის შესრულებისთვის ხელშეშლას გულისხმობს. 

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, მთავრობის წევრის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. 

კომენტარები