ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 3 დეკემბრისთვის გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 3 დეკემბერს დილის 10.00 საათისთვის გადაიდო. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ოქრუაშვილის ადვოკატების თქმით, ბევრი მათგანი საქმეში ახალი ჩართულია, მოსამზადებლად კი დრო სჭირდებათ. 

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის: გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ზვიჩა საბაშვილი. უშუალოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. 

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს, დღევანდელი პროცესის პირველი ორი წუთის  ვიდეოკამერებით გადაღების შესაძლებლობა მისცა.

კომენტარები