იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი: ქალაქის მერის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერის მიმართ გარკვეული შეკითხვები არსებობს. 
"ქალაქის მერის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მთავარია, იქნება თუ არა მტკიცებულებები სახეზე. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით", - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი ბრიფინგზე სხვა მიმდინარე საკითხებსაც შეეხო. ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანი მიიჩნევს, რომ არსებობს მუხლები, რომელსაც ამნისტია არ უნდა შეეხოს. 
"ძალოვანი სამინისტროები ვართ იმის მომხრე, რომ ამნისტია შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გამოშვებაც არ შეუქმნის საზოგადოებას კრიმინალის პრობლემას. გვაქვს ორი მიზანი, ერთი, რომ დაცული იყოს ადამიანისა და პატიმრების უფლებები და მეორე, დაცული იყოს საზოგადოება კრიმინალისგან. ამ ორი მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება შუალედური გამოსავლის პოვნა, რომელიც არის ის კანონპროექტი, რომელზეც ერთობლივად შევჯერდით", - განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანმა დათა ახალაიას სავარაუდო ბრალდების საქმეზეც ისაუბრა. როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. 
"დათა ახალაია არაერთ საქმეში ფიგურირებდა, სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში. ერთ-ერთი პირველი არის გირგვლიანის საქმე. გირგვლიანის საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ქმედებები, რათა განახლდეს გამოძიება. ამ მხრივ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ, თუმცა, რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თვის ბოლომდე თავს შევიკავებდი, რადგან თვის ბოლოს ჩვენ გაგვდის ვადა, წარვადგინოთ მინისტრთა კომიტეტში პოზიცია, თუ როგორ ვაპირებთ ამ საქმის გამოძიებას. არ მაქვს სურვილი, რომ ამ ნაბიჯების შესახებ საზოგადოებამ და მედიამ მანამდე შეიტყოს, სანამ თავად სანდრო გირგვლიანის მამა არ შეიტყობს. ჩვენ მას მოვიწვევთ მთავარ პროკურატურაში და ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ როგორ ვიძიებთ ამ საქმეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შსს-ს წინააღმდეგ თენგიზ გუნავას საჩივარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ზედმიწევნით შეისწავლის აღნიშნულ საჩივარსაც.  
"თუკი გუნავას ან ნებისმიერი სხვა პირის დაკავებისას დარღვეული იყო დაკავებულის უფლებები, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ამიტომ ის საჩივარი, რომელიც იქნა შემოტანილი, იქნება ზედმიწევნით შესწავლილი. დიდი იმედი მაქვს და ასე ვიცი, რომ ის, რაზეც მიუთითებს ბატონი გუნავა, ასე არ მომხდარა, მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე და მეორეა, რას დაადგენს გამოძიება", - განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები