მთავარი პროკურატურა

პროკურატურა კალანდაძის დაპატიმრებას ითხოვს

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურა ახალ ეპიზოდს განიხილავს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ, რის გამოც ბრალდების მხარე სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს. 
ახალი ეპიზოდი, რომელსაც კბილაშვილი აღწერს, ეხება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს. 
"2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით, თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და გიორგი კალანდაძე. ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ ახალგაზრდებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში, ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილი არ იყო ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივ მეტლახზე", - აღწერს კბილაშვილი. 
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ამ ქმედების გამო ახალაიას ბრალი უკვე დაუმძიმდა. პროკურატურა მას თავისუფლების უკანონო აღკვეთასა (სსკ მუხლი 143) და წამებაში (სსკ მუხლი 144) ადანაშაულებს. ხოლო კალანდაძეს შემთხვევაში, პროკურორი აცხადებს, რომ მან ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (უფლებამოსილების გადამეტება). ეს ახალი ეპიზოდი კი საფუძველია იმისა, რომ  პროკურატურამ კალანდაძის წინასწარი პატიმრობა მოითხოვოს.  

კომენტარები