გაერთიანებული შტაბი

გიორგი კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე სასამართლოში შუამდგომლობა შევიდა

გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სასამართლოში შუამდგომლობა შევიდა - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა.

"როდესაც პროკურატურამ შუამდგომლობა წარადგინა, მოითხოვა კალანდაძის პატიმრობა. სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დღეს სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა, კალანდაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ" - განაცხადა კბილაშვილმა.

კალანდაძისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებაზე განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც, რომელიც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას შტაბის უფროსი კალანდაძეც ესწრებოდა.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამიტომ, ვიდრე არ იქნება ნებისმიერი ინკრიმინირებული დანაშაული დამტკიცებული სასამართლოში, ყველა ადამიანი არის უდანაშაულო. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ორშაბათს, შესაძლებელია გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს მიღებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შევჩერდებით. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თავდაცვისუნარიანობას", – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული გიორგი კალანდაძე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის უფროსად რჩება.

 

კომენტარები