შსს

კრიმინალური პოლიციის ახლადდანიშნული უფროსი 2007 წლის 8 ნოემბერს სტუდენტების დარბევას ხელმძღვანელობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დავით ბედია დაინიშნა. გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, დავით ბედია, რომელიც წარსულში შსს-ს აჭარის სამმართველოს უფროსი იყო, 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების აქციის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

გაზეთ ბათუმელებთან ინტერვიუში, ბედია ამ ინფორმაციას უარყოფს.

„მე არ ვიყავი მაგათი ხელმძღვანელი და აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებდი მათთვის ვერანაირი დავალების მიცემას. თუ ვინმეს რამე დავალებას ვაძლევდი, ეს იქნებოდა ჩემი თანამშრომელი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით, რომ მოქალაქეების უფლებები დამეცვა. სპეცდანიშნულების რაზმი როგორც მოქმედებდა, ის ჩემთან შეუთანხმებელი იყო, უბრალოდ, ვერ ვაკონტროლებდი სპეციალური დანიშნულების რაზმს, იმიტომ რომ ჩემი დანაყოფი არ იყო“, - აცხადებს დავით ბედია.

აღნიშნულს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„მე მახსოვს 8 ნოემბერი ბათუმში, ძალიან კარგად მახსოვს და იმედი მაქვს, იქნება მყისიერი რეაქცია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები