რუსეთი

პუტინმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ანატოლი სერდიუკოვის ნაცვლად თავდაცვის მინისტრად პუტინმა სერგეი შოიგუ დანიშნა, რომელიც მოსკოვის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ანატოლი სერდიუკოვის გადაყენების ოფიციალური მიზეზი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სააქციო საზოგადოება ობორონსერვისი-ს საქმის გამოძიებას უკავშირდება. პროკურატურა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობას სახელმწიფო ქონების გასხვისებისას თაღლითობასა და ბიუჯეტისთვის ზარალს მიყენებაში ადანაშაულებს.

ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მინისტრის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო, „საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით“.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი გახდა, როგორც ყოფილი, ასევე ახალი მინისტრისათვის. ექსპერტების შეფასებით, ანატოლი სერდიუკოვი შეიარაღებულ ძალებში არაპოპულარული იყო, არმიის გენერლის წოდების მქონე სერგეი შოიგუ კი სამხედროებში უკეთესი რეპუტაციით სარგებლობს.

 

კომენტარები