სასჯელაღსრულების სისტემა

სოზარ სუბარი: ყველა პატიმარი, ვინც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხეებში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. სუბარი არეულობებს ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება.

,,დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის #1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

რაც შეეხება ქსნის  # 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას, სოზარ სუბარმა ეს ინფორმაცია უარყო.

,,მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - აღნიშნა სუბარმა. 

შეგახსენებთ, ქსნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თხუთ­მეტ­მა პა­ტი­მარ­მა პი­რი ამო­ი­კე­რა. ისინი ითხოვენ, თა­ნამ­დე­ბო­ბებს ჩა­მო­შორ­დნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში, ცე­მა­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ მოპ­ყრო­ბა­ში.

კომენტარები