თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანია ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უწყების თანამშრომლებთან და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ალასანიამ სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მისი მიზანი თითოეული ჯარისკაცის უფლებების დაცვა და ქართული არმიის სწრაფ და ბრძოლისუნარიან სტრუქტურად ჩამოყალიბებაა. მისი თქმით, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, თავდაცვის უწყებაზე უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო და მედიაკონტროლი.

ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთ პრიორიტეტად დაასახელა თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზება და აღნიშნა, რომ სამხედრო სტრუქტურები ყოველგვარ პარტიულ ინტერესებს სრულად უნდა გაემიჯნონ. მისი განცხადებით, იგი დღესვე თავად დატოვებს "თავისუფალ დემოკრატების" თავმჯდომარის პოსტს.

„გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესი. თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას თუ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას". - აღნიშნა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი თავის მოადგილეებს მომავალი კვირის დასაწყისში დაასახელებს. ალასანიას განცხადებით, პირველ ეტაპზე სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

 

კომენტარები