საქართველო-რუსეთი

ლუკაშევიჩი: იმედია, არჩევნების შემდეგ საქართველო მეზობლებთან ურთიერთობას მოაგვარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოწვეული ცვლილებები საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეზობელ ქვეყნებთან კონსტრუქციული და ნორმალური ურთიერთობები აწარმოოს. ლუკაშევიჩმა პირველი ოქტომბრის არჩევნების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას რუსეთი მიესალმება.

”რუსეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს და თავად არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მივიჩნევთ როგორც ამომრჩევლების შეფასებას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისადმი, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ვითარებისადმი, აგრეთვე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკისადმი, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.” - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ნათელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებები აირჩია.

 

კომენტარები