მთავარი პროკურატურა

საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქართულ მხარეს მასალები გადმოსცა

ქართულ მხარეს ფრანგული ჟანდარმერიის მიერ დოკუმენტაცია გადაეცა, რომელიც ასახავს ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კავ­შირს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა.

მურთაზ ზოდელავას თქმით, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით ეროვნული ჟანდარმერიის მიერ, ქართულ მხარეს მიეწოდა მასალა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გეგმავენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ქართული ოპოზიციის წარმომდგენლები საერთაშორისო კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით. ზოდელავას განცხადებით, აღნიშნული მასალა ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მედიას გადაეცემა’’.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, კურიერის სპეციალურ გამოშვებაში გაშუქდა აღნიშნული ფოტო და ვიდეო მასალები, სადაც ქართველი ოპოზიციონერი გიორგი ხაინდრავა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ჩანს.

ტელეკომპანიის ცნობით, ფრანგული ჟანდარმერიის მიერ გადმოცემულ დოკუმენტში წერია, რომ გიორგი ხაინდრავა კრიმინალურ ავტორიტეტებთან საპარლამენტო არჩევნებისთვის დესტაბილიზაციისა და არეულობის გეგმებს განიხილავდა, დახმარების სანაცვლოდ კი მათ საქართველოში სტატუსის აღდგენას ჰპირდებოდა. 

,,რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და  საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების  გამოწვევას,  კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის  ზუსტ თარგმანს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას." -აცხადებს მურთაზ ზოდელავა. 

კომენტარები