ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალების თაობაზე ისაუბრა. კოალიციის ლიდერმა დაადასტურა, რომ შსს-ს მასალებში მართლაც მისი ძმისშვილი ფიგურირებს. თუმცა, ქართული ოცნების მიერ პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობა უარყო.
„ჩემი ძმისშვილი ჩაურთავთ, ის ჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭი. მაგრამ იმდენად არასერიოზული, რომ ვერცერთი სამსახური ვერ ვანდე“, - განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, მან თავისი ნათესავი ბოლოს სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ამიტომ „არასერიოზულია“ იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი მას პოლიციის მოსყიდვას დაავალებდა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეთა მოსყიდვის შესაძლებლობა კოალიციაში არც განიხილებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში კოალიციის 20-მდე აქტივისტი დაკავებულია. კოალიციის ლიდერმა ამ ფაქტებს ხელისუფლების „ბოლო აგონია“ უწოდა და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ პროვოკაციები.




