სასჯელაღსრულების სისტემა

გიგი უგულავა: მთავარი ღირებულება არის ადამიანი

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 
გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად ფუნდამენტური რეფორმებისა ხელისუფლებას ”სადღაც რაღაც” გამორჩა და  ”სადღაც რაღაცას” ბოლომდე ყურადღება ვერ მიაქცია. 
”სახეზეა სისტემური პრობლემა და მას სწრაფი რეაგირება სჭირდება. მე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვუხადო, ჩემი პირადი სახელით ისევე როგორც ჩემი კოლეგების სახელით იმ ადამიანებს ვისაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს და ამავდროულად პირობა დავდო, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მსგავსი რამ ჩვენს ციხეებში არასდროს განმეორდეს”- განაცხადა უგულავამ. 
თბილისის მერის თქმით, ყველა წარმატების მიუხედავად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი. უგულავამ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მეტი ყურადღება იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელებიც  ციხეში იმყოფებიან. ”იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ცდუნება სისტემის, რომ დათრგუნოს ასეთი ადამიანი ყოველთვის ყველაზე მაღალია. ამიტომ გაათკეცებული ყურადღებაა საჭირო ამ პრობლემების მოსაგვარებლად”. 

კომენტარები