სასჯელაღსრულების სისტემა

ივანიშვილი: მთავარი ღირსების წართმევა უნდათ ჩვენთვის

Facebook-ის გვერდზე გავრცელდა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  საგანგებო კომენტარი.  ივანიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მოახლოებული არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს. 
”ძალიან დაძაბულია ხალხი, ძალიან ჭარბობს ემოციები. მინდა კიდევ მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისკენ, არ იჩქაროთ, ეს არ იყო ერთადერთი უბედურება, რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნებია კარზე მომდგარი. უნდა მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი დღეს, 19 სექტემბერს, დუშეთში იმყოფებოდა. მხარდამჭერებთან შეხვედრისას  ივანიშვილი პატიმრების წამების ფაქტებსაც შეეხო.
”ქართველებს სიამაყე არ გვაკლდა და დღესაც არ გვაკლია, მაგრამ აი ამ მთავარი ღირსების წართმევა უნდათ ჩვენთვის. ამას ებრძვის ერთი კაცი, ეს მშიშარა კაცი და ეშინია ძალის და ებრძვის ძალას და სიამაყეს. მას მოსწონს მხოლოდ ლაჩარი და ლოიალური ხალხი, ვინც დაუკრავს და ვინც შეასრულებს მის ყველანაირ ბრძანებას. აი, ამის მაგალითები ნახეთ თქვენ გუშინ კადრებში, როგორ ასრულებენ ამ ერთი მშიშარა კაცის ბრძანებებს და რა დღეში ჰყავთ ჩვენი მოსახლეობა. იქ პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი, ვისაც აწამებენ, იცოდეთ, აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან. ათასობით საქართველოს მოქალაქე გამომწყვდეულია ციხეში, რომელსაც არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ამიტომ მოვდივართ ჩვენ, რომ მოვიდეთ და ჩვენი ღირსება, ჩვენი სიამაყე დაგიბრუნოთ” - განაცხადა ივანიშვილმა.
 

კომენტარები