განათლება

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი

მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ცენტრმა Shanghai Jiao Tong University უნივერსიტეტების 2012 წლის აკადემიური რეიტინგი (ARWU) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველობას ინარჩუნებს. ათეულში მოხვდნენ სტენფორდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), ბერკლის, კემბრიჯის, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის, კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტები.

ARWU-ს მიხედვით, ტოპ ოცეულში დაბრუნდა ტოკიოს უნივერსიტეტი – ის სხვა აზიურ უნივერსიტეტთა შორის მოწინავეა. შვეიცარიაში ETH Zurich-მა (23-ე) ევროპის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა, მას მოჰყვება Paris-Sud (37-ე) და Pierre and Marie Curie (42-ე) საფრანგეთში.

წელს ტოპ ასეულში ისრაელისა და ავსტრალიის უნივერსიტეტების რიცხვმაც იმატა. ამ კატეგორიაში ისრაელის სამი უნივერსიტეტია. ასეულში პირველად მოხვდნენ Technion – ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (78-ე) და ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტი (93). ასეულში დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის გამოჩენამ, ამ სიაში ქვეყნის უნივერსიტეტების რიცხვი 5-მდე გაზარდა – ამ მაჩვენებლით ავსტრალიამ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ტოპ 500-ეულში არიან ისეთი უნივერსიტეტებიც, რომლებიც რეიტინგში პირველად მოხვდნენ. ასეთია, მაგალითად, ჩინეთის ხუთი უნივერსიტეტი. შედეგად, რეიტინგში შევიდა ჩინეთის (ჰონგ კონგისა და ტაივანის ჩათვლით) 42 უნივერსიტეტი. ამ მაჩვენებლით ჩინეთმა გაერთიანებულ სამეფოსაც კი გაუსწრო (38). მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჩინეთის ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა ტოპ ასეულში.

2003 წლიდან ARWU მსოფლიოს ტოპ 500 უნივერსიტეტის რანჟირებას ახდენს და ყველაზე გავლენიან სისტემად ითვლება. მისი მეთოდოლოგია, სხვა რეიტინგულ სისტემათა შორის, თანმიმდევრულობითა და ობიექტურობით გამოირჩევა. თუმცა რანჟირების ამ სისტემას აკრიტიკებენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან შედარებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ფოკუსირებისთვის. ARWU იყენებს ექვს ობიექტურ კრიტერიუმს, რათა შედგეს უნივერსიტეტების რეიტინგები, მათ შორის, კურსდამთავრებულთა მონაცემს, პერსონალის მიერ მიღებული ნობელის პრემიებისა და სხვა ჯილდოების რაოდენობას, მაღალი ციტირების მქონე კვლევების რაოდენობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობას, აგრეთვე, სტატიების რაოდენობას Science Citation Index-ისა და Social Sciences Citation Index-ის მქონე ჟურნალებში. ARWU ყოველწლიურად დაახლოებით 1200 უნივერსიტეტის რეიტინგს ადგენს, საუკეთესო 500-ეული კი საჯარო ხდება.

მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ცენტრმა 2012 წლის უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი მიმართულებებისა და საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. ასის ნაცვლად, წელს 200 უნივერსიტეტის რეიტინგი შედგა.

მიმართულებების მიხედვით ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველია სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კლინიკურ მედიცინასა და ფარმაციაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. ხოლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საუკეთესოა საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

ყოველწლიურად სხვა მრავალი რეიტინგი ვრცელდება, სადაც უნივერსიტეტების შეფასების სხვა კრიტერიუმებს იყენებენ. მაგალითად, არსებობს უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი – Ranking Web of World Universities – რომლის მონაცემებიც წელიწადში ერთხელ ახლდება. ამ რეიტინგში საქართველოც არის და მას 237 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი უკავია. რეიტინგით საქართველოზე წინაა რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც ამ რეიტინგის შესადგენად გამოიყენება, ინტერნეტსივრცეში უნივერსიტეტის ხილვადობაა. ხილვადობა იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტსივრცეში. აქ გამოყენებული ვებინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებგვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის, მკვლევრების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.

ბოლო მონაცემებით, ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი 5000-დან იწყება. ამ რეიტინგულ სისტემაში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. ხუთეულში მოხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რეიტინგში ბოლოა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები