
თუმცა, თუკი აღმოსავლეთის ქვეყნებში ყავის სმა ინტიმური და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ხშირად თან სდევს ბედის განჭვრეტა და გულთმისნობები, თანამედროვე ესპრესოს არაფერი აქვს საერთო აზიურ სიდინჯესა და მისტიციზმთან: ნამდვილი იტალიელები მას თითქმის ყოველთვის ბარის დახლთან ჩამომდგარნი, ერთი მოყუდებით სვამენ. აპენინელები მიიჩნევენ, რომ ყავის ეს სახეობა საქმიანი და პროგრესული ადამიანების გონების ნაყოფია და მეოცე საუკუნის დასაწყისის აჩქარებული რიტმების, მეტიც, ფუტურიზმის ეპოქის ნამდვილი გამოძახილი გახლდათ. ტყუილად ხომ არ შეარქვეს ესპრესო – სწრაფად ამზადებენ და სწრაფადვე მიირთმევენ. სწორედ ამ სისწრაფეს უსვამდა ხაზს 1922 წელს შექმნილი ცნობილი სარეკლამო მანიფესტიც: მატარებლიდან ესპრესოს აპარატისკენ გადმოხრილია მგზავრი, რომელიც ფინჯანს ყავით ივსებს.
ყველაფერი 1901 წელს დაიწყო, როდესაც მილანელმა ინჟინერმა ლუიჯი ბეძერამ გამოიგონა „ფოლადის მონსტრი”, ესპრესოს აპარატი და ადუღებული წყლის მაღალი წნევისა და ფილტრებში მოქცეული ყავის დოზირების შერჩევით, მიიღო ძლიერი და არომატული სითხე, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ სიამაყედაა მიჩნეული. ესპრესო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცხელი სასმელია და მის საფუძველზე მზადდება ყავის ისეთი სახეობები, როგორებიცაა მაკიატო, ლუნგო, რისტრეტო, ფრედო, კორეტო, კაპუჩინო, კაფე ლატე... განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ყავის, წყლისა და რძის დოზებშია.

ბეძერას გამოგონილმა ყავის მანქანამ, ისევე როგორც აპარატის მიერ დამზადებული სასმელის გემომ, არაერთგზის განიცადა ცვლილებები. დღეს ესპრესო აპენინელების ყოველდღიურობის, იტალიური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია და ადგილობრივები მისით ისევე ამაყობენ, როგორც დანარჩენ მსოფლიოში აღიარებული ნაციონალური საკვები პროდუქტებით: პარმიჯანო რეჯანოთი, პარმული ლორით ან ტოსკანური ზეითუნის ზეთით. იქ გემოს ისევე უფრთხილდებიან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამიტომაც, იტალია ევროპული ქვეყნების იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნება, რომელმაც არაფრით დაუშვა ეროვნულ ტერიტორიაზე ცნობილი ამერიკული Starbucks-ის დამკვიდრება და სადაც McDonald’s-ის ქსელის რესტორნებში შესულ კლიენტებსაც კი პროფესიონალი ბარმენების მიერ დამზადებული ესპრესოთი უმასპინძლდებიან.
აპენინელები ესპრესოს ძირითადად მიირთმევენ სახლში და ბარებში, რომლებიც დილის შვიდი საათიდან იღებენ სახლებიდან სასაუზმოდ გამოსულ კლიენტებს. იტალიელების დიდი ნაწილის დღე სწორედ ბარებში იწყება და მათ დილის მენიუს, ძირითადად, ყავა და კრემიანი კრუასანი წარმოადგენს. ბარმენებად არ იბადებიან, ბარმენები ხდებიან, – წერდა 1984 წელს ჯინო მარჩალისი, ცნობილი ვენეციელი ბარმენი და შემდგომში მილანის ჰოტელიერების სკოლის მასწავლებელი, რომელიც ისეთ პრესტიჟულ ადგილებში მუშაობდა, როგორებიც იყო კაფეები დანიელი, გრიტი და ფლორიანი.
მთავარი მოთხოვნებია გულისხმიერება და კეთილგანწყობა. ბარი პატივისცემას იმ შემთხვევაში იმსახურებდა, თუ იქ მომუშავე ბარმენი გახლდათ რესპექტაბელური: მას უნდა ჰქონოდა მოკლე და დავარცხნილი თმა, არავითარი სუნამო, 
ეს იმიტომ,რომ ქვეყანაში ჩაის სმის ტრადიციები არ არსებობს, ყავისა კი სამ საუკუნეს ითვლის და სწორედ ამ ისტორიული ფესვების წარმოჩენას ცდილობს ტურინული ყავის საწარმო Lavazza, რომლის სარეკლამო რგოლებშიც მოქმედება ხშირად ვენეციის სან მარკოს მოედანზე, იტალიის უძველესი ყავახანის, 1720 წელს დაარსებული ლეგენდარული კაფე ფლორიანის წინ ხდება. იქ, სადაც საუკუნეების მანძილზე იყრიდნენ თავს სხვადასხვა ქვეყნის პოეტები, ხელოვანები თუ ინტელექტუალები კონსტანტინოპოლიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოტანილი, აღმოსავლური წესით დამზადებული ყავის დასაგემოვნებლად და ბოჰემური ღამეების გასატეხად.





