ტოლერანტობის ცენტრი

ტოლერანტობის ცენტრი გახშირებულ ანტითურქულ რიტორიკაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ანტითურქულ ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკურ სპექტრში და მედიაში გახშირებულ ქსენოფობიურ გამონათქვამებს გამოეხმაურა. 

განცხადებაში ქართული ოცნების 5 აგვისტოს ბათუმში გამართული აქცია არის ნახსენები, სადაც გამომსვლელები ანტითურქული განწყობით გამოირჩეოდნენ. ცენტრის თქმით, სწორედ ასეთი გამოსვლებისა და მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენით არის გამოწვეული ბათუმში შენობებზე გაჩენილი წარწერები "ბათუმი თურქების გარეშე".

"ინტენსიურმა ანტითურქულმა პროპაგანდამ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეთა და საზოგადოების განწყობის ცვლილება, სტერეოტიპებისა და უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. აღნიშნული ერთი მხრივ, ქართულ-თურქულ მეგობრულ ურთიერთობებს მნიშვნელოვან დაბრკოლებას შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ ამან შესაძლოა რეალური საფრთხეების წინაშე დააყენოს საქართველოში მცხოვრები და ჩვენს ქვეყანასთან ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებული თურქები", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტოლერანტობის ცენტრი მოუწოდებს საჯარო პირებს, პოლიტიკოსებს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. 

კომენტარები