აგვისტოს მიხეილ ხოდორკოვსკიმ ღია წერილი გამოაქვეყნა პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის მონაწილეების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მილიარდერი დისიდენტი საკუთარ გამოცდილებას იხსენებს იმ სასამართლო დარბაზში, სადაც ამჟამად ჯგუფის წევრების პროცესი მიმდინარეობს.
„მტკივნეულია უცქირო იმას, რაც მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლო დარბაზში ხდება, სადაც მაშას, ნადიას და კატიას სასამართლო მიმდინარეობს. სიტყვა „სასამართლო“ აქ მხოლოდ იმ გაგებით გამოიყენება, როგორც მას შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროს იყენებდნენ,“ - წერს ხოდორკოვსკი.
რუსეთის ყველაზე ცნობილი პატიმარი ყურადღებას ამახვილებს სხდომის დარბაზზე, რომელიც, მისივე თქმით, მისთვის და პლატონ ლებედევისთვის საგანგებოდ მოაწყვეს. დარბაზში სპეციალური შუშის კონსტრუქციაა, სადაც განსასჯელები სხედან. ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ ასეთი „აკვარიუმი“ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაამზადა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო დარბაზში ბრალდებულთა გისოსებს მიღმა მოთავსება დამამცირებელი და ღირსების შემლახველია და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ღია წერილში ხოდორკოვსკი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პანკ-ჯგუფის წევრების პროცესი, რომელიც „ღირსეული“ შესვენების გარეშე ყოველდღიურად 11 საათი გრძელდება, იმითაა განპირობებული, რომ ხელისუფლებას სურს ოლიმპიადის დასრულებამდე გამოიტანოს სასურველი ვერდიქტი. „როცა მსოფლიო მედიის ყურადღება სხვა საკითხებითაა დაკავებული, ჩვენი დამცირება რეზონანსული აღარაა,“ - აცხადებს მილიარდერი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა რომ მიხეილ ხოდორკოვსკი თანაუგრძნობს პანკ-ჯგუფის წევრებს, იგი მათ მოქმედებებს არ ამართლებს. მილიარდერი მათ აქციებს „ახალგაზრდული რადიკალიზმის შეცდომებს“ უწოდებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 თებერვალს Pussy Riot-მა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში „პანკ-ლოცვა“ ჩაატარა და ღვთისმშობელს „პუტინის გაგდება“ სთხოვა. ჯგუფის სამი წევრი მალევე დააპატიმრეს. ისინი უკვე 5 თვეზე მეტია წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებიან.





