აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შტატ კოლორადოში ჩავიდა, სადაც გასულ კვირას ქალაქ ავრორას კინოთეატრში განხორცილებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს შეხვდა. შეერთებული შტატების პირველი პირი აგრეთვე, კოლორადოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ეწვია, სადაც რამდენიმე დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
BBC-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შტატების მოქალაქეებს ლოცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა მომხდარ ტრაგედიაზე ფიქრობს.
შაბათს პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, მთელი აშშ-ის მასშტაბით დროშები იყო დაშვებული. მწუხარების გამოსახატავად ასობით ადამიანი შეიკრიბა და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი სანთლებით, ყვავილებითა და წერილებით მიაგო.
პარასკევს, 20 ივლისს დენვერთან მდებარე ქალაქ ავრორას კინოთეატრში 24 წლის ჯეიმს ჰოლმსის მიერ განხორცილებულ შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჰოლმსის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას მისი პირადი კომპიუტერი იპოვნეს. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მალასებს მიაგნებენ. ჯეიმს ჰოლმსი, რომელიც პოლიციამ ინციდენტის შემდეგ კინოთეატრის ავტოსადგომზე დააკავა, მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება.
მომხდარს რომის პაპი ბენედიქტ XVI გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი ღრმად შეშფოთებულია კინოთეატრის მაყურებლებზე განხორცილებული თავდასხმით.





