უზბეკეთი

უზბეკეთი ОДКБ-ს მეორედ ტოვებს

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი

ცოტა ხნის წინ უზბეკეთმა დატოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის თაოსნობით შეიქმნა და 7 წევრისგან შედგება. როგორც მისმა სპიკერმა განაცხადა, უზბეკეთმა 28 ივნისს დიპლომატიური ნოტით ამცნო ორგანიზაციას წევრობის შეწყვეტის შესახებ.

ეს ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა, როგორც NATO-ს კონკურენტი. ხელმომწერი მხარეები არიან – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი. შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე წევრთა შორის თანამშრომლობა არცთუ წარმატებული გამოდგა. გაერთიანებიდან უზბეკეთის გამოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, უკანასკნელი წლის მანძილზე, რამდენჯერმე არ გამოცხადდა ორგანიზაციის შეხვედრებზე და სამხედრო კონტრიბუციაც შეამცირა. „ჩვენ ხელს არ გვაძლევს ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმები ავღანეთთან დაკავშირებით – ამ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობები გვსურს. ამას გარდა, ტაშკენტი არ ეთანხმება წევრი ქვეყნების გეგმებს სამხედრო თანამშრომლობის მხრივ”, – განაცხადა ერთ-ერთმა უზბეკმა პოლიტიკოსმა გაზეთ Коммерсант-თან ინტერვიუში.

ექსპერტთა ნაწილმა მიიჩნია, რომ უზბეკეთმა ეს ამერიკის მიერ შეთავაზებული დახმარების სანაცვლოდ გააკეთა. მოსკოველი პოლიტიკური ექსპერტის, ვლადიმირ ჟარიხინის განცხადებით, კარიმოვს სურს ამერიკასთან ფლირტი გააბას. არსებობს მოსაზრება, რომ ვაშინგტონი უზბეკეთში სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს და სწორედ ამიტომ, ტაშკენტის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიძლება კრემლიდან ვაშინგტონისკენ გადაიხაროს.

ჯერ კიდევ 1999 წელს, უზბეკეთი ორგანიზაციიდან გამოვიდა და სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ჯგუფს შეუერთდა. ავღანეთის ოპერაციის დაწყებისას ტაშკენტი აშშ-ს ყარში-ხანაბადის საჰაერო ბაზით სარგებლობაზე დათანხმდა, თუმცა მთავრობის მიერ 2005 წელს, ქალაქ ანდიჟანში საპროტესტო მოძრაობის სისხლიანი ჩახშობის შემდგომ, უზბეკეთს დასავლეთთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ამერიკამ ბაზა დახურა და ქვეყანაც 2006 წელს ორგანიზაციას დაუბრუნდა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პრეზიდენტი კარიმოვი აშშ-სა და რუსეთს შორის კატა-თაგვობანას თამაშობს.

ავღანეთის ოპერაციის დასრულებასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება სატრანზიტო ბაზები, რომელსაც NATO-ს შენაერთების სახლში დასაბრუნებლად და ავღანეთიდან ტექნიკის გამოსატანად გამოიყენებს. ყირგიზეთის და პაკისტანის მიერ ბაზის დახურვის შემდეგ, უზბეკეთმა რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ძნელი სათქმელია, შეცვლის თუ არა პოზიციას უზბეკეთი მომავალში. მას შემდეგ, რაც ამერიკა ავღანეთს დატოვებს და სამხედრო ბაზებიც აღარ იქნება მოგებიანი ტაშკენტისთვის, შესაძლოა, ის ისევ უფროსი ძმის კალთის ქვეშ აღმოჩნდეს.

უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან წყლის რესურსების და საზღვრების გარშემო დავები აქვს. პრეზიდენტი კარიმოვი, რომელიც ყოფილი კომუნისტური პარტიის მეთაურია, 1991 წლიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას. Human Rights Watch-ის მიხედვით, უზბეკეთი ყველაზე რეპრესიულ, ხოლო Transparency International-ის თანახმად, ყველაზე კორუფციულ სახელმწიფოთა რიცხვში ხვდება.

 

კომენტარები