გაერო

ამერიკის კონგრესი გაეროს დაფინანსების შემცირებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, აშშ-ის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოსალოდნელზე ნაკლებს – 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებენ. თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი 4 მილიარდს შეადგენდა, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტი შემცირებული ხარჯებით დაამტკიცა.

ახალი ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სამშვიდობო მისიებისთვის ხარჯების შემცირებას, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის, UNESCO-სა და კლიმატის ცვლილების ფონდისთვის დაფინანსების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს.

მართალია, ამერიკაში გაეროს ზოგადად დადებითად უყურებენ, თუმცა ორგანიზაციის საქმიანობის კონკრეტულ ასპექტებს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებენ. გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები ხშირად მოქმედებენ ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც მოსახლეობის განწყობაზეც აისახება. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ UNESCO, რომელმაც აშშ-ის მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, წევრად მიიღო პალესტინა, რითაც მისი სახელმწიფოებრიობა აღიარა. პალესტინის საკითხმა UNESCO-სთვის დაფინანსების შეწყვეტა უბრალოდ დააჩქარა. ამერიკელი კანონმდებლები ორგანიზაციას აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. აშშ-მა UNESCO 1984 წელს, „გადამეტებული პოლიტიზირებისა და არასწორი მენეჯმენტის” წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა და ორგანიზაციას მხოლოდ 18 წლის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს შეუერთდა.

გაეროს მიმართ უკმაყოფილების ახალი ტალღა ორგანიზაციის სათავო ოფისის რემონტის ხარჯებმა წარმოშვა. ნიუ იორკში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის ბიუჯეტი თავდაპირველად გამოცხადებული 875 მილიონი დოლარიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა და წევრ სახელმწიფოებს ზედმეტ ტვირთად დააწვა. საბიუჯეტო სკანდალმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა საუბრები მსოფლიო ორგანიზაციაში არსებულ კორუფციაზე.

აშშ გაეროს უდიდესი ფინანსური კონტრიბუტორია. 2007 წლის მონაცემებით, მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის 22% ამერიკაზე მოდის. შედარებისთვის, რიგით მეორე და მესამე მსხვილი გადამხდელები, იაპონია და გერმანია, შესაბამისად, 16,6% და 8,6%-ს იხდიან, ხოლო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ჩინეთი და რუსეთი – მხოლოდ 2,7%-სა და 0,7%-ს. ის 128 სახელმწიფო, რომლებსაც დაბალი ტარიფი განესაზღვრათ, ერთად აღებული, ბიუჯეტის 1,064%-ს ფარავენ.

მიუხედავად ფინანსურ შენატანებს შორის კოლოსალური სხვაობისა, გაეროს სისტემაში მოქმედებს პრინციპი „ერთი ქვეყანა – ერთი ხმა”, ხოლო ორგანიზაციის ბიუჯეტი ხმათა 2/3-ის უმრავლესობით მიიღება. წლების მანძილზე, ხშირად მომხდარა, რომ აშშ-ისა და სხვა მსხვილი კონტრიბუტორების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკამათო ბიუჯეტი მაინც დაუმტკიცებიათ. 1986 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შემოიღო ბიუჯეტის კონსენსუსით მიღების წესი, თუმცა მისი სრული ამოქმედება დღემდე ვერ მოხერხდა. მაშინაც კი, როცა აშშ ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდა, ორგანიზაციის აქტივობების უმრავლესობა მაინც ამერიკელების ჯიბიდან ფინანსდებოდა. ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ამერიკელი მოქალაქეები გაეროს კრიტიკულად უყურებენ.

ნეგატიურ განწყობას ხელს უწყობს პრობლემები გაეროს სამშვიდობო მისიებშიც. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი – 27%, აქაც აშშ-ზე მოდის. ამერიკელები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას მისიებში გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებების და მათზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობის გამო. ბოლო პერიოდში სირიაში გაეროს სრულმა უუნარობამ ორგანიზაციისადმი ნდობა კიდევ უფრო შეასუსტა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ ამერიკელი ამომრჩევლის განწყობას დამოუკიდებელი ორგანიზაციები 1953 წლიდან აკვირდებიან. ამ კვლევების მიხედვით, გაეროს მიმართ პოზიტიურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა ისტორიულად 40%-ს ვერ სცდება. ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა. Gallup-ის 2012 წლის გამოკითხვით, რესპონდენტთა 61% მიიჩნევს, რომ გაერო თავს ვერ ართმევს მის წინაშე მდგარ ამოცანებს. მსგავსი შედეგები აჩვენა ახლახან ჩატარებულმა რასმუსენის კვლევამაც, რომლის თანახმადაც, გაეროს მიმართ „გარკვეულწილად დადებითადაა” განწყობილი ამომრჩეველთა მხოლოდ 42%.

გაეროს დაბალი რეიტინგის კიდევ ერთი მიზეზია რეფორმის ხელოვნური გაჭიანურება. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიკვეცოს გაეროს გაბერილი ბიუროკრატია, რაც ავტომატურად გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებასაც. ასევე მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ორგანიზაციის გამჭვირვალობა და დამკვიდრდეს გადახედვის დამოუკიდებელი მექანიზმები. რესპუბლიკელები თვლიან, რომ აუცილებელია გაეროს დაფინანსების არსებული სქემის შეცვლა და ნებაყოფლობით დაფინანსებაზე გადასვლა, რათა აღარ მოხდეს ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორების ინტერესების მარგინალიზაცია. მსგავსი რეფორმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი) შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით, გაეროში რადიკალურ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები