
ლებრონ ჯეიმსიც ეიკრონის სიმბოლო იყო. ერთხელ აირჩიეს და სიმბოლოდ დარჩა. ლებრონი ოჰაიოს აბალანსებდა, ეიკრონში ჯეიმსის სკვერი, რესტორანი, ბავშვების გასართობი ცენტრი იყო. აღარ არის. ლებრონი ფლორიდაში გაბაჯბაჯდა, დუეინ უეიდთან და კრის ბოშთან ერთად დიდი კუშის მოხსნას ცდილობს. მაიამის ფინალის ვიზა წელს კევინ გარნეტმა მისცა. სუპერფინალში, ოკლაჰომასთან გარჩევამდე, ლებრონის ახლობლებმა მისტერ ჯეიმსს კიდევ ერთი ინდივიდუალური პრიზი მიულოცეს. ლებრონი რეგულარულის MVP გახდა.
ჯეიმსი არ აშენებს ეკლესიებს დევიდ რობინსონივით. ჯეიმსი არ ჭორიკნობს ბოსებთან ძმაკაცებზე კობი ბრაიანტივით. ჯეიმსი არ არის ტიმ დანკანივით მოსაწყენი. ჯეიმსი ვერ მოხსნის უილ სმიტის პრემიერიდან ევა ლონგორიას და ჯეიმსი დუაიტ ჰოვარდზე ბევრჯერადია. ლებრონმა პრივატული ტერიტორია მიიღო, შესასვლელში ორი ბუთხუზა როტვეილერი დასვა და ლებრონის ტერიტორიაზე შესვლა ძვირი ჯდება.

დღეში სამჯერადი ვარჯიში პირად მწვრთნელთან, ორი საათი ტრენაჟორებზე, ერთი საათი აუზზე, ერთი საათი მეგობრებთან ერთად და ბევრი ძილი. ლებრონი იწყებს, როგორც ჰალკ ჰოგანი და ამთავრებს, როგორც ჰალკი. ჰოგანის გარეშე. ის, მწვანე ბიჭი. რომელიც არ უნდა გააბრაზო. ლებრონიც არ უნდა გააბრაზო.
ლებრონის პირველი აგენტი გლორიამ ექვს დღეში გაუშვა და შვილის მილიონები ჩაიბარა. დედიკომ გახსნა ორი აუზი, ერთი სილამაზის სალონი, გაიცნო ლებრონის ძმაკაცები და შვილის მეგობრებთან მეგობრობის პროცესში მეგობრული სექსით ერთობოდა. ამ დროს კი ლებრონი იზრდება და როიალურ ოჯახში შესასვლელად ემზადება. იმ ოჯახში კარგი სპორტის კარგი ბიჭები არიან. ლარი, მეჯიქი, მაიკლი, ადმირალი, კლაიდი, ფოსტალიონი, ჰაკიმი.
პირველ სეზონში ლებრონი კარგია (20.9 ქულა, 5.9 პასი, 5.5 მოხსნა). მერე – უკეთესი (27.2+7.2+7.4). ერთი წლის შემდეგ – სექსუალური (31.7+6.7+7.0). იმ სეზონში რეგულარულის MVP სტივ ნეში იყო. ფინიქსის კარუზო კალათბურთის მეშვიდე სიმფონიაზე ზის და ლებრონის რეპს ამტვრევს. ნეში ზედიზედ ორჯერ არის MVP. ლებრონი ჯერ აზრზე მოდის. ფლეი-ოფში ჯეიმსი სამმაგი დუბლით შედის. ვაშინგტონთან სერია მისტერ ოჰაიომ 32 ქულით, 11 პასით და 11 მოხსნით გახსნა. კლივლენდი ღამის კლუბებიდან სტადიონებზე გადის და ჯეიმსი ბევრათასიან აუდიტორიასთან ურთიერთობას ეჩვევა.
შემდეგ სეზონში ბიჭმა კლივლენდი სუპერფინალში გაიყვანა. იქ ბრიუს ბოუენის პილორამა, გრეგ პოპოვიჩის ინტელექტი და ტიმ დანკანის სიმშვიდე ჯეიმსისთვის მურტალი გადასახარში იყო. სან ანტონიომ სერია 4:0 დახურა. სერია ნორმალურად არ გახსნილა და უკვე დაიხურა. ლებრონს აარტყეს, პირდაპირ ეთერში ყური აუწიეს. 22 წლის ჯეიმსი მეგობრობის დღიურში ბევრ რაღაცას იწერს, იმახსოვრებს, ინიშნავს.
ჯეიმსი საქმეს გემოვნებით აკეთებს. არ იღლება ღამის კლუბში, არ აგებს ტოტალიზატორში ზარმაც ცხენზე, არ ცდილობს 
...2010, 9 ივლისი. ლებრონი ექვსი წლით ფლორიდელი ხდება. კლივლენდის ბოჰემური ცხოვრება ფლორიდის ბაჰამურ პერანგზე გაცვალა და პლაჟზე წამოწვა.
ჯეიმსი ბისისთვის ემზადება და ცუდი აკომპანიატორები ჰყავს. ლებრონის ფიუჟენში არ არის ემოცია, იკარგება მელოდია, არითმია ტემპს აგდებს. ლებრონს კალათბურთის ჯო სატრიანი უნდა.
ლებრონი კალათბურთის ისტორიაში ფიზიკურად ყველაზე განვითარებული პერსონაჟია. ლებრონში მეგობრობენ მეჯიქის პასი, მაიკლის ათლეტურობა, ლარის ლტოლვა და ჩარლზ ბარკლის სიჯიუტე. მაგარი კოქტეილია.
ლებრონი ბევრი კომპანიის (Nike, Sprite, Glaceau, Bubblicious, Upper Deck, McDonald’s, State Farm) სარეკლამო სახეა და ლებრონის საკალათბურთო სახე დაღლილია. ლებრონმა უნდა დაისვენოს. და მეტს, უფრო თავისუფლად მოიგებს.
სამი MVP სოლიდურია. ლებრონი უფრო სოლიდური უნდა იყოს.
...ეიკრონში პოპკორნის პარკით მიმტანმა მაგიდიდან ნამცეცები ჩამოყარა. პარკი დაკუჭა, ურნასთან მოისროლა. ორი წლის წინ ლებრონმა ეიკრონით, კლივლენდით ზედმეტი მოგონებები მოიშორა, ოფლი მოიწმინდა, დაკუჭა და ურნასთან მოისროლა. ცუდი ჟესტი კარგი ბიჭისგან.
ჯეიმსმა ქალაქს ბოდიში მოუხადა, პერსპექტივაზე ილაპარაკა, მაიამის თვალი ჩაუკრა.
მეჯიქის პასით, მაიკლის ათლეტურობით და ლარის ლტოლვით ლებრონი მეტს აიღებს. ჯეიმსი კალათბურთია და რეგულარულის სამი MVP ჯერ დასაწყისია. თავისი 19 045 (27.6) ქულით, 4 943 (7.2) მოხსნით, 4 751 (6.9) პასით, 1 194 (1.7) ჩაჭრით.
ლებრონი გაიზარდა. მეგობრობის დღიურში მალე ბევრი ახალი ჩანაწერი შევა.
მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი – The King.





