ფეხბურთი

ნიჭიერი სესკ ფაბრეგასი

სესკ ფაბრეგასი ადრე, პატარაობაში დედიკოს, ნურია სოლერის ნივთებში იქექებოდა და რაღაც ქალური ჟურნალი ნახა. ბევრი უინტერესო რჩევით მოზარდისთვის და ერთი საინტერესო გვერდით ყველასთვის. იუმორის გვერდი. სესკი იუმორზე შეჯდა.

ფაბრეგასი: „მოვდივარ ვარჯიშიდან, მამა ტელევიზორთან ხმაურობს, დედა სამზარეულოშია, რაღაც გადაცემას უყურებს, სადაც მწვანე პიჯაკში, ცოტა უცნაურ, მოვარდისფრო შარვალში ვიღაც ტიპი ზის და გემოვნებით ხუმრობს. ის ტიპი ცნობილი ესპანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და კომიქსების სერიის შემქმნელი, სენიორ ხუან ხოსე კარბო იყო. დედასთან ერთად გავერთე, დავისვენე. მერე არსენ ვენგერმა მითხრა, ფეხბურთში რაღაც დოზით იუმორიც უნდა იყოს, სიამოვნება რომ მიიღო და დაგიმახსოვრონო. ეს სულ მახსოვს”.

ფაბრეგასს ბევრ სიტუაციაზე აქვს თავისი შეხედულება.

თუნდაც ის, რომ სესკის მეგობარმა გაიღვიძა იმ აზრით, რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. მერე შეხედა საკუთარ ცოლს და მიხვდა, რომ ცდებოდა.

სესკი ხვდება, რომ მშობლებს ორმაგად უნდა სცეს პატივი. მათ ხომ სკოლა გუგლის და ვიკიპედიის გარეშე დაამთავრეს.

სესკი ხვდება, რომ პირსინგის ფანი პარაშუტით არ უნდა გადმოხტეს. ყოველთვის სხვა ბეჭედს გამოკრავს.

სესკი უყურებს თოქშოუს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის მონაწილეობით. ფაბრეგასი ხვდება, რომ იმ ოჯახში კითხვაზე „საიდან ჩნდებიან ბავშვები”, პასუხს ელოდება არა ბავშვი, არამედ ბრედი.

სესკი იხსენებს, რომ ლონდონში მისი მეზობელი ინფარქტის შემდეგ გადაარჩინეს. პაციენტი არ იყო დაზღვეული და ექიმებმა ეგრევე მეორე ინფარქტიც მიიღეს. პაციენტი გადარჩა.

სესკის მეგობარმა გაცნობის ბიუროში გააგზავნა განცხადება „ვეძებ ცოლს”. ორ დღეში წერილების ორი პარკი მიიღო. ერთი და იმავე პასუხით – წაიყვანე ჩემი.

სესკმა ისწავლა, რომ დაშვებული შეცდომის შემდეგ ყოველთვის უნდა თქვა – ნახე, რა საინტერესოდ გამომივიდა?

სესკის ერთ-ერთ პირველ პაემანზე გოგონა ორ წუთში გაიქცა. მარტივი მიზეზი – გოგონამ სესკს მისი ასაკის გამოცნობა შესთავაზა. სესკმა გამოიცნო.

სესკს ჰყავს ჯანმრთელი მეგობრები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ აფთიაქში წამლებისთვისაც უნდა შეიარონ.

ფაბრეგასი: „მეგობრებთან ერთად ხშირად ვაწყობთ იუმორის საღამოს. ასე იყო ლონდონში. ასეა ბარსელონაშიც. ვიკრიბებით რომელიმე კლუბში და ვისვენებთ. ვის აქვს ყველაზე საინტერესო იუმორი? ალბათ, პიკეს. და სენიორ ვენგერს. ჰო, ჩემმა მეგობარმა ერთხელ შეცვალა ის ფრაზა, სილამაზე სამყაროს რომ გადაარჩენს და ცოლის ნაცვლად, რეალი ჩასვა. არ დაიჯეროთ. რეალი იმ ცოლზე ლამაზია”.

სესკმა ფეხბურთით გართობა და გართობით დასვენება ისწავლა.

ნიჭიერი კაცია.

კომენტარები