პალესტინა

პალესტინაში ქუჩას ვლადიმირ პუტინის სახელი დაარქვეს

პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქის, ბეით-ლაჰმის ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელი დაარქვეს. რუსეთის პირველი პირის სახელობის ქუჩა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა ფედერაციის პრეზიდენტს პალესტინაში მის მიერ 26 ივნისს გამართული ვიზიტისას დაახვედრა.

ვლადიმირ პუტინი პალესტინას ისრაელის შემდეგ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის წამომადგენლებმა ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების საკითხი და მასში რუსეთის როლი განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, პუტინმა აგრეთვე, თავისი სახელობის ქუჩაზე მაჰმუდ აბასთან ერთად რუსული ხელოვნებისა და მეცნიერების ცენტრი გახსნა.

აღნიშნული ქუჩა ერთადერთი არაა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის საპატივცემულოდ შეუცვალეს სახელი. ქალაქ იერიქონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას პალესტინის მთავრობამ იანვარში დმიტრი მედვედევის სახელი უწოდა.

 

კომენტარები